მაღაროელი გიორგი ნეფარიძე, რომელიც ხუთი თვეა პატიმრობაში იმყოფება,
ციხიდან წერილს ავრცელებს.
მისი თქმით, ჭიათურა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ გვახევენ თავზე
კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას, ჭიათურის ათობით სოფლის
განადგურების ხარჯზე, როგორ მდიდრდებიან ბიძინა ივანიშვილის პირადი
ყმები, სუსის მაღალჩინოსნები, პრემიერი კობახიძე და პარლამენტის
თავმჯდომარე პაპუაშვილი და პარტია "ქართული ოცნება".
"2017 წელს, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ჯორჯიან
მარგანეზში“ დანიშნა სახელმწიფო სპეციალური მმართველი გარემოზე
მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჭიათურის
მოსახლეობის უბედურების და განადგურების ხარჯზე ასეულობით მილიონის
გათეთრება და ელიტური სამთავრობო კორუფცია!
ვინც გავბედეთ და ხმა ამოვიღეთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ და ჩვენი
სოფლისა და ქალაქის დასაცავად, მას შემდეგ დაიწყო სუსმა და მთელმა
სახელმწიფო სტრუქტურებმა ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა!
2019 დღიდან დღემდე 82 სასამართლო პროცესი ჩამიტარეს და ახლაც სრულად
აბსურდული გამოგონილი ბრალდებით ვარ დაჭერილი 225-ე მუხლით და 6-დან 9
წლამდე პატიმრობით გვემუქრებიან. ჩემი ერთადერთი დანაშაული ჩემი
ოჯახის, ჩემი სოფლის, ჩემი ქალაქის და ჩემი ქვეყნის სიყვარულია!
ცდილობენ სამაგალითოდ დაგვსაჯონ ყველასთვის საჩვენებლად, რომ
მომავალში ვეღარავინ გაბედოს ამდენ უსამართლობაზე ხმის ამოღება და
პროტესტის გამოხატვა. 8 წელია უკვე ვიბრძვი ამ უსამართლობის
წინააღმდეგ და სიცოცხლესაც კი შევწირავ ჩემი ოჯახის, ჩემი სოფლის,
ჩემი ქალაქის და ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას! ბრძოლას ყოველთვის აქვს
აზრი!",- აღნიშნულია გიორგი ნეფარიძის წერილში (წერილი გამოგზავნილია
გაზეთისთვის ,,თავისუფლების ხმა ციხიდან").
ოთხი მაღაროელი: მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და
თენგო გველესიანი,
29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ,
პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის
მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა
არეში დაზიანება მიაყენეს.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ
ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს
მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე
მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში
მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეშვიდე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ
კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის,
ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების
მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა
4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ,
დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და
აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და
სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5
000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მასალის გამოყენების პირობები