ახალი ამბები
"არ მეგონა, ამხელა უსამართლობა თუ ხდებოდა"
FaceBook
"უცხოა ჩემთვის ციხეც და სასამართლოც. არ მეგონა, ამხელა უსამართლობა თუ ხდებოდა. არავის სჭირდება სიმართლის დანახვა. ვიდეომტკიცებულება რომ აჩვენო მოსამართლეს ისეთი, სადაც აშკარაა, რომ დამნაშავე არ ხარ, თვალებს დახუჭავს და არ დაინახავს"
- ამის შესახებ ჭიათურაში დაკავებულ მერაბ სარალიძის მორიგ მიმართვაშია საუბარი, რომელსაც ფეისბუქგვერდი "მაღაროელი" ავრცელებს.

ის თავს კომპანიის პირად პატიმრად მიიჩნევს. თვლის, რომ ის და მისი მეგობრები იმის გამო სხედან ციხეში, რომ უსამართლობას არ ეგუებოდნენ. ახლა კი კომპანია სჯით იმისთვის, რომ სხვებისთვის, ვინც მომავალში ხმას რამეზე აიმაღლებს, "სამაგალითოები" იყვნენ.

სარალიძის თქმით, მათი დაჭერისთანავე გააჩინეს მოლოდინი, რომ დაკავებულების გათავისუფლება სურდათ, თუმცა ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა: ჩაეწყნარებინათ სიტუაცია.

"ამ მოლოდინს აჩენდნენ იმის გამო, რომ უბრალოდ, არ დაძაბულიყო სიტუაცია, ქმედითი ნაბიჯები არ გადაედგათ ადამიანებს, რაც მათ შეაწუხებდათ",- განმარტავს მერაბ სარალიძე.

მისივე თქმით, სწორედ ამავე მიზეზით და იმისთვის რომ დრო გაწელონ, დღესაც საუბრობენ საპროცესო შეთანხმებაზე, ისევე როგორც 5 თვის წინ, რეალურად კი, მათი გამოშვება რომ ნდომოდათ, ამას ერთ კვირაში იზამდნენ.

მერაბ სარალიძის განმარტებით, კომპანიის მიზანი ერთია: საერთოდ არ სჭირდებათ მაღაროელი და სურთ, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით (ღია კარიერული წესით), დიდი მოგების მიღება.

როგორც დაკავებული მაღაროელი ამბობს, კომპანია, ჯერ კიდევ ცოტა ლმობიერებას იჩენს, რადგან წინ არჩევნებია და როცა "გაინაღდებენ სკამებს და მიუსჯიან სასჯელს დაკავებულებს", კიდევ მეტ რეპრესიებს გაატარებენ მშრომელების მიმართ.

"გამომდინარე იქიდან, რომ აგერ წინ არჩევნები აქვთ, ჯერჯერობით, ცოტა ლმობიერები არიან, თუმცა, საბოლოოდ, თუ თავისას გაიტანენ, მერე იქნება ისევე, როგორც ადრე იყო - თუ ვინმე რამეზე ხმას ამოიღებს, ეტყვიან: თუ არ გინდათ, წადით... თუ ვინმე რამეზე კიდევ უფრო მეტად აიმაღლებს ხმას, სამაგალითოები ვიქნებით ჩვენ და გამოიშვერენ თითს, აი, ნახეთ, ვინც არ გვემორჩილებოდა, ციხეში ჩავსვით, ასე დაგიჭერთ ყველასო. შექმნიან პირობებს, რომ გააქცევენ ხალხს აქედან. არ სჭირდებათ მაგათ დანაშაულის ჩადენა, ვისი მოშორებაც უნდათ, დანაშაულს შეკერავენ და არადამაჯერებელიც რომ იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, იტყვიან, რომ უნდათ, ციხეში ჩასვან და ჩასვამენ",- ამბობს მერაბ სარალიძე.

სწორედ ამიტომ დაკავებული მაღაროელი თანაქალაქელებს თანადგომისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს და ერთიანი პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობს.

"მეტი აქტიურობაა საჭირო. მე არავის არაფერს ვთხოვ, ამით ჩემი ცხოვრება არ მთავრდება. საბოლოოდ, ადრე იქნება თუ გვიან, აქედან გამოვალ და არსად არ წავალ, ისევ ჭიათურაში ვაპირებ ცხოვრებას. თუ მიიჩნევთ, ადამიანებო, მშრომელებო, მაღაროელებო, რომ მე გვერდში დგომას ვიმსახურებ, მაშინ არიან მანდ ჩემი მეგობრები (გულისხმობს იმ ადამიანებს, რომლებიც 200 დღეზე მეტია, აქციებს მართავენ), მართალი, მებრძოლი ხალხი, მოუსმინეთ მაგ ხალხს და დამიდექით გვერდით",- განმარტავს მერაბ სარალიძე.

ის მიიჩნევს, რომ თავად თუ დაზარალდა, ადრე თუ გვიან, იმავე ბედი ელით სხვა მაღაროელებსაც, რადგან ლოგიკურად მოაზროვე და სამართლიანობის მომთხოვნი კომპანიას არ სჭირდება.

"საერთო საქმეს თუ ერთად მოვემსახურებით, თითოეული ადამიანის საქმეც გაკეთდება და თუ ერთმანეთს დავშორდებით, ცალ-ცალკე დავდგებით, ძალიან მარტივად გავტყდებით და საბოლოოდ, ყველა დავზარალდებით. ეს არ იქნება მარტო მერაბი და აჩიკო, ყველა დავზარალებით; ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი დაზიანდება",- ამბობს მერაბ სარალიძე მიმართვაში.

ოთხი მაღაროელი: მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი,
29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეშვიდე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 
10:24 / 18.09.2025

ქუთაისში,  "გახარია საქართველოსთვის" მერობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის პლაკატს მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის, დავით ერემეიშვილის პლაკატი გადააკრეს.

13:03 / 17.09.2025
"საპროტესტო კარვები, რომლებიც დღეს დგას ჭიათურაში, არის სიმბოლო უკომპრომისო წინააღმდეგობის უსამართლობის წინააღმდეგ",- ამბობენ მაღაროელები, რომლებიც უკვე 203-ე დღეა უწყვეტ პროტესტში არიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.