ახალი ამბები
რა პროექტების განხორციელებას გეგმავს "ოცნების" ხელისუფლება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში
FaceBook
ქუთაისში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, "ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ქალაქის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდა, სადაც ახალი 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, რომლის ღირებულება 239 500 000 ლარს შეადგენს, ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურას დაემატება საჰაერო ხომალდის 4 სამიმოსვლო ბილიკი, საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა კი 17-მდე გაიზრდება.

მათივე ცნობით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ექსპლუატაციაში 2026 წელს შევა და ნებისმიერი ტიპის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს.



ირაკლი კობახიძე ასევე გაეცნო საზღვრის კონტროლის ავტომატიზირებული სისტემის მოწყობის სამუშაოებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთისათვის საჭირო დროის შემცირებას, პროცედურის გამარტივებას და აეროპორტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, წლის ბოლოს გაიხსნება ბიზნეს ლაუნჯი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონ ლარს აღემატება.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, 2026 წლის პირველი კვარტლიდან მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სწრაფი გასასვლელის სერვისი, რაც უზრუნველყოფს აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას.

“ქუთაისის აეროპორტში მოეწყობა ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საქართველოში, რომელსაც ყველა ზომის ხომალდების მიღება შეეძლება. სხვა მიმართულებითაც ვითარდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა. დეტალურად გავეცანით პროექტის მიმდინარეობას. ყველაფერი კეთდება დაგეგმილ ვადებში. საბოლოო ჯამში, ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის თვისებრივად გაზრდას. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ყველაზე მზარდია მგზავრთნაკადის თვალსაზრისით ქუთაისის აეროპორტი და ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტით ხელი უნდა შევუწყოთ მგზავრთნაკადის კიდევ უფრო გაზრდასა და აეროპორტის სისტემურ და სისტემატურ განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე დაათვალიერა აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკურა, საიდანაც თვითმფრინავების მოძრაობის სრულ კოორდინაციას ასაფრენ-დასაფრენ ზოლსა და სამიმოსვლო ბილიკებზე საქაერონავიგაციის 14 ავიამეთვალყურე უზრუნველყოფს.



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 17 ქვეყნის 32 მიმართულებით სრულდება.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. შესაბამისად, "ქართული ოცნების" მთავრობა ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას.

4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ41-კმ52
მონაკვეთზე შეზღუდვები იმოქმედებს.
12:01 / 17.09.2025
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ41-კმ52 მონაკვეთზე შეზღუდვები იმოქმედებს.
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციიდან (2024 წლის
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გაიმართა) ერთი წლის
შემდეგ, პრემიერი კვლავ ესტუმრა ყოფილ საკანონმდებლო ორგანოს.
10:23 / 17.09.2025
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციიდან (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გაიმართა) ერთი წლის შემდეგ, პრემიერი კვლავ ესტუმრა ყოფილ საკანონმდებლო ორგანოს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.