ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და
სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
ასევე აპროტესტებენ 4 თანამებრძოლის დაკავებას და მათ დაუყონებლივ
გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც მშრომელები ამბობენ, თუ უმოქმედოდ და გულხელდაკრეფილი
ისხდებიან, დაკავებულებისთვის 9-წლიანი ციხის რეალური საფრთხე
არსებობს.
მათივე თქმით, ბიჭების ციხეში 9 წლით გაშვება იქნება სადამსჯელო
ღონისძიება მუშათა კლასის მიმართ და მაგალითი იმისა, თუ რა ბედი
შეიძლება ელოდეთ მშრომელებს მომავალში, თუ ახლა არ
გაერთიანდებიან.
"20 დღეა, რაც უკვე ქუჩაში ვართ. ვაპროტესტებთ კომპანიის
უპასუხისმგებლო ქმედებებს, რამაც გარეთ გამოვიყვანა და რასაც კომპანია
მომავალშიც უქადის თითოეულ დასაქმებულს. ესაა სამუშაო პროცესის
შეჩერება, არასტაბილური სამუშაო გარემო და ის შეწყვეტილი ბენეფიტები,
თუნდაც კოლექტიური და ინდივიდუალური ხელშეკრულებები, რაც მანამდე
დასაქმებულს ჰქონდა.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი გაერთიანებაა ბიჭების ციხიდან
გამოსაყვანად და თითოეული მაღაროელის კეთილდღეობისათვის, რადგან დიდი
ეჭვი არსებობს, რომ კომპანია აპირებს არჩევნების შემდეგ საწარმოო
პროცესის შეჩერებას. ზოგადად, კომპანიის ჩანაფიქრი და ინტერესი არის
ერთი: ქალაქში აწარმოოს ღია კარიერული წესით მარგანეცის მოპოვება და
ამ გზით გაიტანოს გაცილებით მეტი სიმდიდრე ამ ქალაქიდან. სანამ მისი
ლიცენზიის საბოლოო ვადა ამოიწურება, ამ ქალაქში გრამი მარგანეცი არ
უნდა დარჩეს. ჩვენზეა დამოკიდებული ამ მისიას რამდენად განახორციელებს
კომპანია",- ამბობენ მაღაროელები.
ისინი ერთადერთ გამოსავალს პროტესტში ხედავენ და მოუწოდებენ როგორც
დასაქმებულებს, ასევე თითოეულ ჭიათურელს, შემოუერთდნენ უსამართლობის
წინააღმდეგ ბრძოლაში.
"არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ჩვენი
უსამართლოდ დაკავებული ბიჭები აუცილებლად უნდა გამოვიდნენ ციხიდან,
იმიტომ რომ არანაირი დანაშაული არც დაზარალებულის, არც კომპანიის და
არც ჭიათურის წინაშე მათ არ მიუძღვით. ამიტომ, ჩვენ უნდა გამოვუცხადოთ
ამ ადამიანებს სოლიდარობა და ვიდრე ისინი არ გათავისუფლდებიან, როგორც
მანამდე გაგვიკეთებია არაერთხელ, მხარდაჭერის ნიშნად, უნდა
გამოვაცხადოთ როგორც დასაქმებულმა, ასევე ჭიათურის ნებისმიერმა
მოქალაქემ პროტესტი. უნდა დაიწყოს მობილიზება, მოგროვება, როგორც
კარავთან, ასევე სამუშაო ადგილებზე და უნდა გადავდგათ ქმედითი
ნაბიჯები, ვიდრე ჩაივლის ეს არჩევნები",- განმარტავს მაღაროელი ტარიელ
მიქაცაძე.
მაღაროელები მიმართავენ ხელისუფლებას, რომ თუ უნდათ მათ ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს, გაათავისუფლონ
მათი თანამებრძოლები, რომლებიც უკვე მეხუთე თვეა, ციხეში არიან.
"თუკი ბიჭების გამოშვება გინდათ, რაც ხელგეწიფებათ, ეს უნდა გააკეთოთ
უახლოეს ერთ კვირაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იქნება ეს საარჩევნო
გარემო მშვიდი. აუცილებელია სამართლიანობის აღდგენა და ნამდვილად ვერ
მიიღებთ იმ გარანტიებს და იმ ხმებს, რასაც გეგმავთ",- ამბობენ
მშრომელები.
ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელი: მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე,
გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ,
12 სექტემბერს, კვლავ პატიმრობაში დატოვა. მათ შუქრუთის მაღაროს
დირექტორზე ძალადობას ედავებიან.
ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეშვიდე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ
კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის,
ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების
მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა
4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ,
დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და
აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და
სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5
000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ჭიათურაში არ ჩასულა და მაღაროელების
პრობლემებს უშუალოდ ადგილზე არ გაცნობია (არაერთი მოწოდების
მიუხედავად) მთავრობის არც ერთი ხელმძღვანელი პირი.
მასალის გამოყენების პირობები