„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების
შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E
ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები
გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
ცვლილების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი
დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური
საგზაო მოძრაობის პირობებში, შს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული
საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.
"მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე
გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის
განმავლობაში. 365 დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, პრაქტიკული
გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს
იურიდიულ ძალას.
აღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის უფლების მიღების
მსურველები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს
რუსთავის და ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულებში შეძლებენ.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად სავალდებულოა
რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია: უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით; ვებგვერდის მეშვეობით; მობილური
აპლიკაციის საშუალებით",- აღნიშნულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს
ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები