ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 4 სექტემბერს, ჭიათურაში
დაკავებული მაღაროელების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება.
მერაბ სარალიძის, აჩიკო ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგო
გველესიანის საქმეზე სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
მშრომელებს თანამებრძოლების გათავისუფლების იმედი აღარ აქვთ, მათ
მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გამოვალი მათი ციხიდან გამოშვების, ქუჩაში
ხალხის გამოსვლა და პროტესტია.
"ხვალ, 4 სექტემბერს, ბიჭების მორიგი სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
ერთადერთი გზა ამ ბიჭების ციხიდან გამოსვლის არის, როცა ქუჩაში გამოვა
უამრავი ადამიანი და დაგვიდგება აქ, გვერდით, და არა ასე გათითკაცება.
ერთიან სამართლიან პროტესტს ალტერნატივა არ აქვს. დრო სწრაფად გადის
და დროის გასვლა ასე უმოძრაობით, უმოქმედობით, სახლიდან ყურებით
მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის სასარგებლოდ მოქმედებს. დროა ისეთი
გაერთიანების, რომელსაც შეუძლია ამ ბიჭების ციხიდან დახსნა. ნუ
მიატოვებთ ამ ბიჭებს, გთხოვთ",- ამბობენ მაღაროელები.
ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები
ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით
წაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის
მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა
არეში დაზიანება მიაყენეს.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ
ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს
მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე
მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში
მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეშვიდე თვეა (პროტესტის 188-ე დღეა),
უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე
დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო
რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას.
მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის
გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული
თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი
წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან
ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი
ხელმოწერა შეგროვდა.
მასალის გამოყენების პირობები