ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული
პროცესები გააქტიურდა.
გეოლოგების ინფორმაციით, მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ
იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს
ქმნის.
"შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო
ზომები და სოფლების მოსახლეობა უსაფრთხო ტერიტორიაზე ალტერნატიული
ფართებით უზრუნველყო. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ როგორც ზეპირი,
ისე წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, ადგილობრივების ნაწილი
საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე კვლავ უარს აცხადებს.
მეწყრული პროცესების გააქტიურების მომატებული საფრთხის
გათვალისწინებით, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში შესვლა მკაცრად
შეზღუდულია. სოფლებში მიმდინარე კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური
კვლევის გათვალისწინებით, გეოლოგების ცალსახა რეკომენდაციაა
მოსახლეობის დაუყოვნებლივ გაყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს,
დაემორჩილონ შესაბამისი უწყებებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებს,
არ დააყენონ რისკის ქვეშ საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება",
- განმარტავენ ხარაგაულის მერიაში.
მეწყრულ სოფლებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მთავრობის მიერ
შეთავაზებული თანხა ცოტაა და ამ თანხით საცხოვრებლის
ყიდვას ვერ შეძლებენ.
"ამჟამად ზედა ხემაღალში, იქ სადაც ჯერ მეწყერული პროცესები არ
შეინიშნება, ნაქირავებ სახლში ვცხოვრობ. საქონელი მყავს და სხვაგან
ვერ მივდივარ. ეკომიგრანტების სააგენტოდან მეწყერისგან დაზარალებული
ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა, 30 000 ლარი, მცირეა და სახლის ყიდვას
ვერ შევძლებთ. მოქალაქეები ვითხოვეთ, რომ ჩვენი სახლები და ქონება
საბაზრო ღირებულების მიხედვით შეფასდეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა გვითხრა, რომ
ეკომიგრანტების სააგენტოს წერილობით მიმართა. მან დაგვაიმედა, რომ
საკომპენსაციო თანხა გაცილებით მეტი იქნება. მერი დაგვპირდა, რომ
უახლოეს მომავალში ისევ შეგვხვდება და ეკომიგრანტების სააგენტოდან
მიღებულ სიახლეებს გაგვაცნობს", - მბობს ადგილობრივ გამოცემა
"ჩემ ხარაგაულთან" საუბარში სოფელ ხემაღლაში მცხოვრები
ეშხა პაპავა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელ ხემაღალსა და ღვერკში ერთი თვის წინ
დაძრული მეწყერი დღითიდღე ძლიერდება. დამეწყრილ ადგილებში ბზარები
ყოველდღე მატულობს და მიწა იშლება.
მეწყრული პროცესების განვითარებამ სოფლებში მნიშვნელოვანი ზიანი
მიაყენა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო
გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, მეწყერულ ზონაში, ამ დროისთვის,
გეოლოგიური მონიტორინგის ქვეშ 50 ოჯახი იმყოფება, 30 ოჯახი უკვე
გადაყვანილია უსაფრთხო ტერიტორიაზე, ხოლო 20 ოჯახზე დაკვირვება
გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები