დღეს, 1 აგვისტოს, ქუთაისის რაიონულ სასამართლოში, ჭიათურაში
დაკავებული მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და
თენგიზ გველესიანის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა
იწყება.
საქმეს მოსამართლე თამარ მაზანაშვილი განიხილავს.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციით, თამაზაშვილი
მოსამართლედ 18 ივლისს დაინიშნა და მაღაროელების საქმე ერთ-ერთი
პირველია, რომელსაც იგი მოსამართლის რანგში განიხილავს.
ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები
ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით
წაიყვანა.
საქმე ეხება ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს
დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის
მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა
არეში დაზიანება მიაყენეს.
ასანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ
ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს
მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე
მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში
მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ჭიათურელი მაღაროელები150 დღეზე მეტია, უწყვეტად აპროტესტებენ
კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის,
ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების
მასობრივ გათავისუფლებას.
მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის
გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული
თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი
წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან
ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი
ხელმოწერა შეგროვდა.
მასალის გამოყენების პირობები