ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია დაკავებულ
თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე
დაწერა.
"ახალი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში - სასიამოვნო სირთულე და დიდი
პასუხისმგებლობაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU)ახალ
ეტაპზე გადასვლა, სადაც საქმიანობას აკადემიური სექტორის მნიშვნელოვან
პოზიციაზე ვიწყებ.
KIU არის უნიკალური უნივერსიტეტი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ
ევროპის მასშტაბით. თანამედროვე ინფრასტრუქტურით და საერთაშორისო
სტანდარტებით ის მომავლისკენ მიმართული ხედვაა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ მედიცინის სკოლა
თანამშრომლობს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტთან, რაც მომავალი
მედიკოსებისთვის მაღალხარისხოვან, ევროპულ განათლებას
უზრუნველყოფს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეის განხორციელება შესაძლებელი
გახდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მხარდაჭერით. დიდი
მადლობა მათ განათლებაში განხორციელებული უპრეცედენტო
ინვესტიციისთვის.
ჩემთვის კი ეს არის პატივი და პასუხისმგებლობა, ვიყო ამ დიდი გუნდის
ნაწილი.
წინ დიდი საქმეები გველის, წარმატებას ვუსურვებ KIU-ს და თითოეულ
კოლეგას!",- წერს ირაკლი შენგელია.
ვინ შეასრულებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. არსებული
კანონმდებლობით, შენგელიამ პოსტი ათი დღის ვადაში უნდა
დატოვოს.
ირაკლი შენგელია 2021 წლიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის
საკრებულოს თავმჯდომარეა.
მასალის გამოყენების პირობები