"გთხოვთ, ვისაც რაც შეგიძლიათ, ხელი შეუწყვეთ ამ ბრძოლას და იმ
ბიჭებს, ვინც უსამართლოდ იმყოფება პატიმრობაში"
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც თითქმის ხუთი თვეა, ქუჩაში უწყვეტ
საპროტესტო აქციებს მართავენ და ერთ თვეზე მეტია, შიმშილობენ,
საზოგადოებას ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვენ.
ისინი 4 თვეა, კომპანიისგან კუთვნილი ანაზღაურების დარიცხვას
ელოდებიან. ამასთან, ამბობენ, რომ დახმარება სჭირდებათ ციხეში მყოფი
თანამებრძოლების ოჯახებსაც, რომლებიც ერთადერთი მარჩენალის გარეშე
დარჩნენ.
"როგორც მოგეხსენებათ, პატიმრების ციხეში ყოფნა დაკავშირებულია
მნიშვნელოვან ხარჯებთან. ასევე მეტად საყურადღებოა დაკავებულების
ოჯახები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სარჩოს შემომტანი არ ჰყავს
სახლში.
ასევე, უკვე 144 დღეა, გრძელდება ეს პროტესტი, რომელიც თავადაც
მოითხოვს მუდმივ ფინანსურ მხარდაჭერას.
გთხოვთ, ვისაც რაც შეგიძლიათ, რითაც შეგიძლიათ, ხელი შეუწყვეთ ამ
ბრძოლას და იმ ბიჭებს, ვინც ახლა სრულიად უსამართლოდ იმყოფება
პატიმრობაში.
ერთად სოლიდარობა – ერთად გამარჯვება! #GE40BG0000000604733786",-
ამბობენ მაღაროელები.
ჭიათურაში დღეს უწყვეტი პროტესტის 144-ე დღეა. ერთ თვეზე
მეტია,თანამებრძოლების გათავისუფლების მოთხოვნით 8 მაღაროელი
შიმშილობს.
ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები
ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით
წაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის
მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა
არეში დაზიანება მიაყენეს.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ
ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს
მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე
მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში
მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.
მათ საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 23 ივლისსაა ჩანიშნული.
ჭიათრელი მაღაროელები თითქმის ხუთი თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ
კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის,
ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების
მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა
4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ,
დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და
აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და
სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5
000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
მასალის გამოყენების პირობები