ჭიათურაში, მშრალ შიმშილობაზე მყოფ ორივე მაღაროელს: მირზა
ლოლაძესა და ტარიელ მიქაცაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების
გამო, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
მათი მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მათ ბოლო სამი დღე, უარი
თქვეს წყლის მიღებაზეც კი.
ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში
გადაიყვანა.
"ეს არის უწყვეტი 126-დღიანი პროტესტის, 16-დღიანი შიმშილობის, მათ
შორის 3-დღიანი უწყლო შიმშილობის, სტრესის და ნერვიულობის შედეგი.
განა რას ვითხოვთ? ნუთუ ამ ქვეყანაში ადამიანს მსგავსი ფორმებით უნდა
უწევდეს სამართლიანობის მოთხოვნა? პრემიერი კი ამ ყველაფრის
პარალელურად ბიზნესმენებთან მართავს შეხვედრას. პრემიერო, ბიზნესი და
წარმოება დასაქმებულის გარეშე რა მოხელეა, დოვლათს მშრომელი ქმნის
წარმოებაში, მშრომელი ამდიდრებს ქვეყნის ეკონომიკას!",- ამბობენ
მაღაროელები.
ტარიელ მიქაცაძისა და მირზა ლოლაძის გარდა, შიმშილობა აქვს
გამოცხადებული კიდევ ხუთ მაღაროელს. ნაწილს პირი აქვს ამოკერილი.
ისინი დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები
ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით
წაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის
მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა
არეში დაზიანება მიაყენეს.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ
ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს
მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე
მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში
მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.
მშრომელები უკვე მეხუთე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ
მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების
გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ
გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4
უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ,
დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და
აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და
სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5
000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
მასალის გამოყენების პირობები