ახალი ამბები
"თუნდაც სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს, არ ვაპირებთ შიმშილობის შეწყვეტას"- ჭიათურაში პროტესტი გრძელდება
FaceBook

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი 126-ე დღეა გრძელდება - ქალაქის ცენტრში გაშლილ კარვებში 7 ადამიანი ორ კვირაზე მეტია, შიმშილობს.


მშრომელები ამბობენ, რომ  ვიდრე ჭიათურაში დაკავებული 4 თანამებრძოლი გარეთ არ იქნება, შიმშილობას არ შეწყვეტენ, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.

შვიდი მოშიმშილედან სამ მათგანს: მირზა ლოლაძეს, გოგა აბესაძესა და შავლეგ გოგსაძეს, პროტესტის ნიშნად, პირი აქვს ამოკერილი. საკვების მიღებაზე ასევე უარს აცხადებს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, ჯანო ლაბაძე და მერაბ სარალიძე, რომელიც საპატიმროში შიმშილობს.

"შიმშილობის გაგრძელებას ვაპირებთ ბოლომდე, გვინდა ეს იყოს სამაგალითო, თავისი შედეგებით. შიმშილობის ერთადერთი მოთხოვნაა, უკანონოდ დაკავებული ბიჭების გათავისუფლება. თუნდაც სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს, ვიდრე ბიჭებს არ ვიხილავთ გარეთ, შიმშილობის შეწყვეტას არ ვაპირებთ", - განმარტავენ მაღაროელები.

ისინი ამბობენ, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.

"ჩვენი პროტესტი 28 თებერვალს დაიწყო კომპანიის არაადამიანური ქმედებების, ხელფასების არდარიცხვის გამო. 7 მარტს, საერთოდ, კომპანიამ მაღაროელების დახურვა განაცხადა და ამასთან დაკავშირებით შეიტანა მოთხოვნაც სასამართლოში, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და დაახარვეზა. ასე მოვყვებით პროცესებს, ჩვენი პროტესტით და ერთობლივი შემართებით შევძელით ის, რომ 2 თვის ხელფასი, რომელიც დაგვიანებული იყო, დაირიცხა. ასევე, მუშა პროცესის აღდგენაზე დაიწყო საუბარი, თუმცა თავისი დათქმებით და პირობებით, რაშიც იგულისხმება რეორგანიზაცია და მასობრივი დათხოვნა. დღეს მივიღეთ შედეგი: 3600 დასაქმებულის ნაცვლად ჭიათურას და ჭიათურის მაღაროებს ჰყავს მაქსიმუმ 1000 მშრომელი ადამიანი და 500 ზედამხედველი რგოლი, ეს არის არსებული ვითარება, რაც საერთოდ არ ცვლის სასიკეთოდ ჭიათურის მდგომარეობას, ამიტომ პროტესტი ისევ გრძელდება. ვითხოვთ იმ პირობების შესრულებას, რაც აუცილებლად სჭირდება მუშათა კლასს სამსახურში და ჭიათურას: ეს არის მეტი დასაქმება, მეტი ფინანსები ქალაქში, თორემ ჩვენ მივიღებთ ძალიან მალე დაცლილ ჭიათურას",- ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

სოცკსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა უშედეგოდ. კომპანია მშრომელების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. მაღაროელებს არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ხვდება.

ამის მიუხედავად ჭიათურელი მაღაროელები ბრძოლას აგრძელებენ - უკვე მეხუთე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს, დაიწყო.
10:08 / 03.07.2025
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს, დაიწყო.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ამერიკის
შეერთებულ შტატებში, ქალაქ ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
11:43 / 02.07.2025
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.