ახალი ამბები
"ან გამოვლენ ბიჭები გარეთ, ან ვიხოცებით აქ, შევაკვდებით სამართლიანობისთვის ბრძოლას"- პროტესტი ჭიათურაში
FaceBook
ჭიათურაში დღეს პროტესტის 119-ე და შიმშილობის მე-8 დღეა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში, მშრომელების პრობლემებით არც მთავრობა დაინტერესებულა და არც კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ასრულებს მათ მოთხოვნებს, მაღაროელები არ ნებდებიან და ბრძოლას უკანონობის წინააღმდეგ, სამართლიანობის აღსადგენად აგრძელებენ.

მათ უვადო შიმშილობა აქვთ გამოცხადებული და როგორც ამბობენ, მანამ იშიმშილებენ და იქნებიან პროტესტში, სანამ ჭიათურაში დაკავებულ 4 თანამებრძოლს ციხიდან არ გაათავისუფლებენ.

"ადამიანები ვართ 119 დღე და ღამე ქუჩაში, ჩვენი სიცოცხლე დავდეთ სასწორზე და დავიწყეთ უვადო შიმშილობა იმ უკანონობის წინააღმდეგ, რასაც ქვია ბიჭების პატიმრობაში დატოვება.
აქ დამცინავი ტონიც არის უწყებებისგან, რომ ვინ მომკვდარა მშიერი, მოვა სასწრაფო დახმარება, გიმკურნალებთ და შეწყვიტავთ შიმშილობასო. აი, ეს არის თქვენი მორალი, მაგრამ ვერ გაგიმართლებთ ამ იმედებს. ზუსტად ეს შიმშილობა იქნება განსაკუთრებული და სამაგალითო, მაგ სასაუბროს რომ მოგისპობთ. მაგრამ ვიდრე ეს დღე დადგება (დღეს მე-8 დღეა შიმშილობის), ალბათ, ამას დასჭირდება 38, 40, 42, 45 დღე (რასაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე).

პირადად, ჩემს თავზე ვამბობ, ვიდრე ვიაზროვნებ, უარს ვამბობ ყოველგვარ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე. გათიშვის შემდეგ თუ რამეს გამიკეთებენ უგონოს, მოვალ აზრზე და ისევ გავაგრძელებ პროტესტს. ან გამოვლენ ბიჭები გარეთ, ან ვიხოცებით აქ. ეს არის რეალობა და ბოლო ნაბიჯი, ამას იქით რომ აღარ დაგვრჩა არაფერი. ბოლომდე შევაკვდებით სამართლიანობისთვის ბრძოლას",- განაცხადა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

სოცკსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა უშედეგოდ. კომპანია მშრომელების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. მაღაროელებს არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ხვდება.

ამის მიუხედავად ჭიათურელი მაღაროელები ბრძოლას აგრძელებენ - უკვე მეხუთე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.








Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესებულ მხარეებს
უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე
პროგრამაში ჩართულობისკენ მოუწოდებს
13:42 / 18.08.2025
სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესებულ მხარეებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაში ჩართულობისკენ მოუწოდებს
დღეს, 18 აგვისტოს,  საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო
საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ.
12:28 / 18.08.2025
დღეს, 18 აგვისტოს,  საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.