ახალი ამბები
" გავხდით იძულებული, დაგვეწყო უვადო შიმშილობა"- ჭიათურაში 4 ადამიანი შიმშილობს
FaceBook

მას შემდეგ რაც სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 პირი პატიმრობაში დატოვა, მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს.


ტარიელ მიქაცაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მისი ჩათვლით, ჭიათურაში 4 ადამიანი შიმშილობს, თუმცა ეს რიცხვი მზარდია.

მისივე ინფორმაციით, ასევე შიმშილობს მერაბ სარალიძეც, რომელიც ორი თვეა, პატიმრობაშია.

"19 ივნისი უნდა ყოფილიყო ის რიცხვი (როგორც გვპირდებოდნენ სხვადასხვა უწყების თანამშრომლები და ხელმძღვანელები), როცა ბიჭები უნდა გამოეშვათ საპატიმროდან, შემდეგ ჩაინიშნა 12 ივნისს სასამართლო და დატოვეს ბიჭები პატიმრობაში 17 ივლისამდე. ჩვენ უკვე აღარ გვაქვს იმედი, რომ 17 ივლისს გაათავისუფლებენ და რამე კეთილი ნება გააჩნიათ მათ ამ ბიჭების გათავისუფლების. პირიქით, გვაქვს იმის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ბიჭებით უნდათ ივაჭრონ, დატოვონ რაც შეიძლება დიდხანს ციხეში, შესაბამისად, ყველაფერი დაგვათმობინონ თუ კი რამე ბერკეტი გაგვაჩნია. ამიტომ, იმ გულგრილობის, უყურადღებობის, მოტყუების გამო, რაც ამ ხნის განმავლობაში მოდიოდა სხვადასხვა უწყების მხრიდან, გავხდით იძულებული, დაგვეწყო უვადო შიმშილობა",- განმარტა ტარიელ მიქაცაძემ.

12 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის სახით გირაოს გამოყენების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 ივლისს არის ჩანიშნული.

ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეხუთე თვეა (109-ე დღე), უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელები:
მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო
გველესიანი პატიმრობაში დატოვა.
09:37 / 18.07.2025
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელები: მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი პატიმრობაში დატოვა.
1-15 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“ და
09:05 / 18.07.2025
1-15 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“ და "თბილისის აეროპორტში" კანონდარღვევის ფაქტები აღიკვეთა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.