"სოციალური სამართლიანობის ცენტრს" სასამართლოს
ბრძანება ჩაბარდა, რომლითაც ეცნობათ, რომ ანტიკორუფციულმა
ბიურომ მათი საქმიანობის შესწავლა დაიწყო და ის სასამართლოსგან
ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით შეუზღუდავი ინფორმაციის მიღებას
ითხოვს.
SJC-ის ინფორმაციით, მოთხოვნა შეეხება 2024 წლის 1 იანვრიდან 2025
წლის 10 ივნისამდე ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ სრულ
სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ მონაცემებს და, ასევე,
უფლებადაცვითი და იურიდიული დახმარების პირობებში ცენტრის
ბენეფიციარებისთვის გაწეული მხარდაჭერის ამსახველ სრულ
ინფორმაციას.
SJC-ში განმარტავენ, რომ სასამართლო მათგან
ინფორმაციას „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, „მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ კანონების
საფუძველზე ითხოვს (და არა უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის
ე.წ. ფარა-ს საფუძველზე), თუმცა სასამართლოს მიერ მითითებული მუხლებსა
და პირობებს მათ საქმიანობასთან არ აქვს შემხებლობა და სრულიად
არარელევანტურია.
"სასამართლოს ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს დასახელებულ
პერიოდში ყველა ტიპის ინფორმაციას და არ ადგენს შემოწმების მიზანზე
დაფუძნებულ საზღვრებს და ფარგლებს. ამავდროულად, მოთხოვნილი
ინფორმაცია წარმოუდგენლად ვრცელ მონაცემებს მოიცავს და პრაქტიკულად
სახელმწიფოს სრულ და ტოტალურ კონტროლს უქვემდებარებს ჩვენს
საქმიანობას. მოთხოვნილი ინფორმაცია ასევე ვრცელდება ბენეფიციარების
პირად ინფორმაციაზე, ორგანიზაციულ კორესპონდენციებსა და მიმოწერებზე,
რაც ჩვენს საადვოკატო და უფლებადაცვით საქმიანობაში უხეში და უკანონო
ჩარევაა.
18 ივნისს, ანტიკორუფციული ბიუროს ბრიფინგზე, რაჟდენ კუპრაშვილმა
განაცხადა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი ინფორმაცია
მიმართულია გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე
ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ და ამ პროცესში
სრულად არის უზრუნველყოფილი პროფესიული და პერსონალური ინფორმაციის
დაცულობა. გვსურს, ხაზგასმით განვმარტოთ, რომ ეს განცხადება
დეზინფორმაციულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილი მოთხოვნის
მსგავსად, ანტიკორუფციული ბიურო ჩვენგანაც პირდაპირ ითხოვს
ბენეფიციარების პირად ინფორმაციას.
ჩვენთვის აშკარაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, სამართალწარმოების
პროცესის დაწყება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს და წარმოადგენს
დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობას და
მიზნად ისახავს ჩვენს პარალიზებას და
გაჩუმებას",- აღნიშულია ცენტრის განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში ამბობენ, რომ არ აპირებენ
გაჩერებას და გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ საშუალებას, საკუთარი
და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაერთიანებისა და
გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. ამასთან, გააკეთებენ
ყველაფერს, რომ მათი შრომა და ბრძოლა ადამიანის უფლებების, სოციალური
კეთილდღეობისა და დემოკრატიის დასაცავად გაგრძელდეს.
"ამავდროულად, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საადვოკატო და
უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში მიღებულ პროფესიულ საიდუმლოებას
და არ გავამხელთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ასობით ადამიანის, მათ
შორის, ქალების, ბავშვების, შშმ პირების, მშრომელების, ქვიარების,
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, უცხოელების,
გარემოსდამცველების, პატიმრების, სასულიერო პირების პირად
ცხოვრებას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, დაფუძნების დღიდან იცავს
ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად ჩაგრული ადამიანებისა და
სოციალური ჯგუფების უფლებებსა და ინტერესებს. ჩვენი ორგანიზაცია 12
წელზე მეტია აქტიურ უფლებადაცვით საქმიანობაშია ჩართული და
პარალელურად ეწევა კვლევით, საგანმანათლებლო საქმიანობას და არა ერთი
სოციალური მოძრაობისა და თემის მხარდამხარ იბრძოდა უფრო დემოკრატიული,
სოლიდარული და ეგალიტარული საზოგადოების და სისტემების
მშენებლობისთვის. ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ავტორიტარიზმის მძიმე
კონტექსტისა და რეპრესიული კანონმდებლობის მიუხედავად, გვექნება
შესაძლებლობა გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა და ბრძოლა სამართლიანი,
თანასწორი და თავისუფალი
საქართველოსთვის",- განმარტავენ სოციალური სამართლიანობის ცეტრში.
ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს წერილი ასევე გაეგზავნა სამოქალაქო
საზოგადოების სხვა ორგანიზაციებსაც, მათ შორის, „საერთაშორისო
გამჭვირვალობა საქართველოს“, „საფარს“, “სამოქალაქო საზოგადოების
ფონდს”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს” და “საქართველოს
მომავლის აკადემიას”.
მასალის გამოყენების პირობები