ჭიათურაში, სანატორიუმის შენობასთან, სადაც "ჯორჯიან მანგანეზის"
ადმინისტრაციაა განთავსებული, მაღაროელები საპროტესტო აქციას
მართავენ.
მშრომელებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კომპანიამმ
გუშინ, 16 ივნისს, აპრილის თვის ხელფასის 60% მხოლოდ იმ ადამიანების
მცირე ნაწილს ჩაურიცხა, ვინც უკვე მუშაობს მაღაროებში.
დასაქმებულების იმ ნაწილს კი, რომლებმაც ხელი მოაწერეს
ხელშეკრულებებს, მაგრამ არ დაუძახეს სამსახურში და ასევე იმ
ადამიანებს, რომლებიც უკვე 110-ე დღეა, აქციებს მართავენ, ხელფასი არ
ჩაურიცხეს.
მაღაროელები ამბობენ, რომ ეს არის დაცინვა და დიდი დამცირება ჭიათურის
და განსაკუთრებით იმ ხალხის მიმართ, რომელთა ნაწილსაც ჯერ მარტის თვის
ხელფასიც არ აუღიათ.
"აპრილი, მაისი და ივნისი მთავრდება აგერ და ჭიათურაში ხელფასები არ
გაცემულა, თანხა არ შემოსულა ქალაქში. ეს არის დიდი უსინდისობა.
გაყვეს შუაზე ჭიათურა. ადამიანებს, რომლებიც სამსახურში წავიდნენ და
თვენახევარია მუშაობენ, მხოლოდ აპრილის თვის 60% ჩაურიცხეს და ალბათ,
ამასაც დაამადლიან. ასევე გაგვყეს ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა
და არ გამოიძახეს სამსახურში, არც მათ ჩაერიცხათ ხელფასი.
კომპანიისგან ვართ მოტყუებულები, მოვითხოვთ, შეასრულოს თავისი
პასუხისმგებლობა, ნუ იყენებს უსინდისოს იმ რესურს, რაც ეკუთვნის
დასაქმებულებს და ხალხს",- ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.
ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით კომპანიამ ბოლოს
განცხადება
19 მაისს გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ
ვინც რეორგანიზაციის შედეგად, მათთან გააგრძელა შრომითი
ურთიერთობა, უახლოეს 2-3 კვირაში დაიწყებდნენ მარტი-აპრილის სახელფასო
დავალიანების ეტაპობრივ ანაზღაურებას.
რაც შეეხება იმ პირებს, რომელთა შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზით ვერ
მოხერხდა შრომითი ურთიერთობების გაგრძელება, ისინი განიხილებიან
როგორც საბოლოოდ დათხოვილი თანამშრომლები. მათ ავუნაზღაურებთ როგორც
კანონით გათვალისწინებულ ერთთვიან კომპენსაციას, ისე 2025 წლის 27
აპრილამდე დარიცხულ სახელფასო თანხას. საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება
შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ",- აცხადებდნენ
"ჯორჯიან მანგენეზში".
ჭიათურაში პროტესტი 110-ე დღეა გრძელდება.
მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024
წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა.
მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება.
შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის
მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას
მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა
გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი
განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და
პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის"
დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.
სოცკსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა
უშედეგოდ. კომპანია მშრომელების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს არ
ითვალისწინებს. მაღაროელებს არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი
ხვდება.
მასალის გამოყენების პირობები