ახალი ამბები
"ვაპირებთ, დავიწყოთ უვადო შიმშილობა"- 19 ივნისიდან, მაღაროელების პროტესტი შიმშილობით გაგრძელდება
FaceBook
19 ივნისიდან, ჭიათურაში, მაღაროელები მასობრივი შიმშილობის დაწყებას აპირებენ.
როგორც მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ 15 ივნისის საპროტესტო აქციის მსვლელობისას განმარტა, ეს იქნება უვადო შიმშილობა და მთავარი მოთხოვნა უკანონოდ დაკავებული ბიჭების გათავისუფლება იქნება.

"რადგან 19 ივნისს უნდა ყოფილიყო სასამართლო პროცესი და უნდა გამოეშვათ ბიჭები ციხიდან გირაოს ან გარკვეული საპროცესო შეთანმების სანაცვლოდ, ამიტომ, სიმბოლურად, ამ დღიდან, ჩვენ ვაპირებთ, რომ ისევ დავსხდეთ და დავიწყოთ უვადო შიმშილობა. ვისაც აქვს სურვილი, რომ გამოგყვეს ამ ბრძოლაში ბოლომდე, ეს შიმშილობა არც დროში და არც ხალხის რაოდენობაში არ იქნება შეზღუდული",- განმარტა ტარიელ მიქაცაძემ.

მისივე თქმით, შიმშილობის შესახებ გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიუღიათ: "ბევრი ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, ბევრი ვიკამათეთ და ყველამ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
შეიძლება ყველამ ვერ შეძლოს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა შეუძლიათ ჩვენი სოლიდარობისთვის აქ მოსვლა, მხარდაჭერა და დახმარება. ჩვენ გვჭირდება ყველას მხარდაჭერა”. - განაცხადა სიტყვის გამოსვლისას ტარიელ მიქაცაძემ.

მაღაროელებმა შიმშილობას, როგორც პროტესტის ფორმას, მიმდინარე წლის აპრილშიც მიმართეს. ისინი ერთი თვის განმავლობაში უარს ამბობდნენ საკვების მიღებაზე, იმისთვის რომ ხელისუფლების ყურადღება მიექციათ და მათი პრობლემების გასაცნობად მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი მაინც ჭიათურაში, ადგილზე ჩასულიყო. თუმცა, შიმშილობიდან ერთი თვის თავზე, მას შემდეგ რაც ქალაქში 4 მშრომელი დააკავეს, მაღაროელებმა, იმ მიზეზით, რომ ეს ნაბიჯი "დაკავებულების გათავისუფლებას წაადგებოდა", შიმშილობა შეწყვიტეს.

ამასთან, როგორც მშრომელები ამბობენ, მათ ჰქონდათ სიტყვიერი შეთანმება იმასთან დაკავშირებითაც, რომ თუ "აღარ იაქტიურებდნენ", თანამებრძოლებს ციხიდან გამოუშვებდნენ, თუმცა ისევ მოტყუებულები აღმოჩნდნენ. 12 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის სახით გირაოს გამოყენების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 ივლისს არის ჩანიშნული.

ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეხუთე თვეა (109-ე დღე), უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
















Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
10:42 / 16.06.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:06 / 14.06.2025

15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.