15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მშრომელებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც
სასამართლომ მათი 4 თანამებრძოლი პატიმრობაში დატოვა.
მაღაროელები ამბობენ, რომ ეს აქცია იქნება მნიშვნელოვანი მესიჯი და
მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ჭიათურა ისევ გაერთიანდება. მათივე თქით,
აქციაზე გააჟღერებენ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმასაც.
"ლაივ ჩართვებში, მოქმედებებში, საუბრებში - ყველგან გვქონდა
ერთთვიანი პაუზა, რადგან გვქონდა იმედი და სიტყვიერი შეთანხმებები,
რომ ბიჭები გამოვიდოდნენ ციხიდან, რაც არ შესრულდა, ამიტომ გაჩუმებას
აღარ ვაპირებთ. დღეიდან გვექნება ძალიან აქტიური საუბრები და
შეხვედრები. ასევე, კვირას, დღის სამ საათზე, გვექნება საპროტესტო
აქცია ჭიათურის ცენტრში. ფერფლიდან რომ დაგვჭირდეს წამოვდგეთ,
აუცილებლად აღვგდგებით და ბრძოლას გავაგრძელებთ. ჭიათურას ვერ
გააჩერებენ და ვერ გააჩუმებენ",- განმარტა მაღაროელმა ტარიელ
მიქაცაძემ.
12 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4
პირი: მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ
ჭუმბურიძე
პატიმრობაში დატოვა.
ბრალდებულების ადვოკატები დაკავებულების პატიმრობიდან გათავისუფლებას
და აღკვეთის სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლე
ნიკოლოზ მარგველაშვილმა მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 ივლისს
ჩატარდება.
ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები
ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით
წაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის
მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა
არეში დაზიანება მიაყენეს.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ
ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს
მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე
მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში
მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეხუთე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ
კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის,
ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების
მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა
4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ,
დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და
აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და
სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5
000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
ამავე თემაზე:
"ისევ მოგვატყუეს, ბიჭები დარჩნენ საპატიმროში"-
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება
ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელი ქუთაისის
სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
100 დღეზე მეტი ქუჩაში - ჭიათურაში, მაღაროელების
პროტესტი გრძელდება
მასალის გამოყენების პირობები