ახალი ამბები
"ისევ მოგვატყუეს, ბიჭები დარჩნენ საპატიმროში"- ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება
FaceBook

"ისე მოტყუებულები დავრჩით, ბიჭები დატოვეს საპატიმროში", - ასე ეხმაურებიან მაღაროელები ჭიათურაში დაკავებული 4 თანამებრძოლის პატიმრობაში დატოვებას.



მშრომელები ელოდნენ, რომ მერაბ სარალიძეს, გიორგი ნეფარიძეს, თენგიზ გველესიანსა და არჩილ ჭუმბურიძეს გუშინ გაათავისუფლებდნენ, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"ამ ერთი თვის განმავლობაში ყველანაირად ვცდილობდით, რომ გავსულიყავით აქტიური საქმიანობიდან, რადგან როგორც გვეუბნებოდნენ, ხელი არ შეგვეშალა იმ პროცესებისთვის, რომელსაც დღეს ბიჭები, გარკვეული ფორმის სახით, გარეთ უნდა გამოეშვა, მაგრამ აღმოჩდა ისე, რომ გარკვეული საზოგადოება მოატყუეს და მათ მერე ჩვენ მოგვატყუეს. პრობლემები ისევ თავზე გვაყრია, არაფერი არ მოგვარებულა, 106 დღეა აქ ვართ და გაჩერებას არ ვაპირებთ. გვაქვს იმედი, რომ ჭიათურა გაერთიანდება და კანონის ფარგლებში იმოქმედებს ისე, რომ მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე",- განმარტა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.

მშრომელები ამბობენ იმასაც, რომ დაკავებულების გათავისუფლების შემთხვევაში მზად იყვნენ, კარვებიც დაეშალათ.

"მოლოდინები და იმედი იმისა, რომ ბიჭები ჩვენთან ერთად უნდა დაბრუნდებულიყვნენ, რა თქმა უნდა, იყო. ბოლომდე გვჯეროდა, რომ გამოვიდოდნენ ციხიდან გირაოს შეფარდებით, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. არადა გვქონდა იმის მზაობაც, რომ თუ ისინი გათავისუფლდებოდნენ, აქ პროტესტის ფორმები შეიცვლებოდა, მაგრამ ახლა ჩვენც გაურკვევლობაში ვართ იმის გამო, რომ იყო რაღაც შანსები რომ შეიძლებოდა მათი გარეთ გამოსვლა, მაგრამ ეს არ დაკმაყოფილდა",- ამბობენ მაღაროელები.

ახლა ისინი დაკავებულების წინასასამართლო სხდომას ელოდებიან, რომელიც 17 ივლისს ჩატარდება. მანამდე კი ამბობენ, რომ პროტესტს ჩვეულ რეჟიმში კვლავ გააგრძელებენ.

ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეხუთე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პატიმრებს შემოწმების დროს სრულად აღარ გააშიშვლებენ.
14:20 / 13.06.2025
პატიმრებს შემოწმების დროს სრულად აღარ გააშიშვლებენ.
ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მორალური ზიანის
ანაზღაურება დააკისრა.
12:15 / 13.06.2025
ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.