ქუთაისის საქალაქო სასამართლო, დღეს, ჭიათურაში დაკავებული 4
პირის მიმართ შეფარდებულ პატიმრობას გადასინჯავს, ამავე სისხლის
სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 17 ივლისს ჩატარდება.
საქმე ეხება მიმდინარე წლის 28 აპრილს, ჭიათურის პროტესტის
მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს,
რის შემდეგაც 4 მაღაროელი: მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე, გიორგი
ნეფარიძე და თენგიზ გველესიანი დააკავეს.
მერაბ სარალიძის და გიორგი ნეფარიძის ინტერესებს "სოციალური
სამართლიანობის ცენტრი" იცავს. მათ, 1 მაისს, სასამართლომ აღკვეთის
ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა იმ საფუძვლით, რომ "სახეზე
ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე იყო".
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სასამართლო ვალდებულია, ორ
თვეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების
აუცილებლობის საკითხი და დღევანდელი სასამართლო სხდომის მიზანიც
სწორედ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახის, პატიმრობის,
გადახედვაა.
საქმის გარემოებებზე დაყრდნობით, არ იკვეთება ბრალდებულთა მიმალვის
საფრთხე და ჭიათურელების კიდევ უფრო გაუარესებული სოციალური ფონის
გათვალისწინებით, გირაოს გამოყენება სრულად უზრუნველყოფს, ერთი მხრივ,
ბრალდებულთა პროცესში შემდგომ მონაწილეობას, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა
კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენციას",- განმარტავენ
"სოციალური სამართლიანობის ცენტრში".
ორგანიზაციის ადვოკატები დღეს სასამართლოს დაკავებულების პატიმრობიდან
გათავისუფლების და აღკვეთის სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით
მიმართავენ.
ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეხუთე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ
კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის,
ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების
მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა
4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ,
დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და
აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და
სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5
000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები
ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით
წაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის
მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა
არეში დაზიანება მიაყენეს.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ
ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს
მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე
მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში
მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.
მასალის გამოყენების პირობები