ახალი ამბები
„არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა“- ომბუდსმენის წლიური ანგარიში
FaceBook
"სამწუხაროდ, დღემდე, წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში,არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, - წერია სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში.

.ანგარიშის მიხედვით მძიმე უფლებადარღვევების სერია, 2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო აქციებზე დაიწყო (გაზაფხულის აქციები). გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ასევე, ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობამ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1-ელ მარტამდე საპროტესტო აქციებზე (ზამთრის აქციები) არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის კიდევ უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შესაბამისად, ზამთრის აქციებზე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, რომლებიც არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდნენ. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ საპროტესტო აქციების დაშლის დროს დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ წლიდან წლამდე არასათანადო მოპყრობის მზარდი ტენდენცია იკვეთება, ამას ომბუდსმენი სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ საპროტესტო აქციების დაშლის დროს დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აცხადებს.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებული 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიდან 30.2% მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის შესახებ; 2023 წლის 7-9 მარტის აქციებზე - 20.8%; 2024 წლის აპრილ-მაისის აქციებზე - 51.1%; 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებული პირებიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 60%; ამასთანავე, ზამთრის აქციების დაშლის პირველ დღეებში - 2024 წლის 29 ნოემბრიდან - 2 დეკემბრის პერიოდში, მონახულებული პირებიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე 79.5%, ხოლო 2025 წლის 2-3 თებერვლის შეხვედრებისას 25 პირიდან 22, ე.ი. 88% აცხადებდა, რომ არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა.

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და ძალადობას, ორგანიზებულ სატელეფონო მუქარებს და სხვადასხვა სახით გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობას.

"სამწუხაროდ, დღემდე, წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში, არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, მაშინ როდესაც ძალადობის ორ ეპიზოდში, რომლებიც სხვადასხვა ვიდეოჩანაწერში იყო აღბეჭდილი, მოძალადე სამართალდამცავი პირები შეუნიღბავები იყვნენ და შესაძლებელი იყო მათი ამოცნობა. ამის საპირისპიროდ, საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია. დამატებით, დაკავებულთა გადმოცემით, მათთვის ტელეფონებისა და პირადი ნივთების კანონსაწინააღმდეგო ჩამორთმევის მასშტაბური შემთხვევებიც იკვეთება",- წერია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის, თავისუფლების უფლების, საქმის სამართლიანი განხილვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევებს და მოყვანილია ის ძირითადი მიგნებები, რომლებიც გასული წლის გაზაფხულის და ზამთრის საპროტესტო აქციებზე გამოკვეთა.

ფოტო:ნეტგაზეთი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:16 / 06.06.2025

"ჩვენი პოზიცია უცვლელია: ვითხოვთ ბიჭების გათავისუფლებას და ვეწინააღმდეგებით უკანონო რეორგანიზაციას ყველა სამართლებრივი და გონივრული გზით",- ამბობენ მაღაროელები, რომლებიც უკვე 99 დღეა, პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან.

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე დღის
წინ დასრულდა და რომელიც ჯერ საზეიმოდ არც გაუხსნიათ, ვანდალიზმის
ფაქტი დაფიქსირდა.
09:42 / 06.06.2025
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე დღის წინ დასრულდა და რომელიც ჯერ საზეიმოდ არც გაუხსნიათ, ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.