ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე დღის
წინ დასრულდა და რომელიც ჯერ საზეიმოდ არც გაუხსნიათ, ვანდალიზმის
ფაქტი დაფიქსირდა.
ქალაქის განახლებულ პარკში დაუდგენელმა პირმა/პირებმა ძელსკამი
დააზიანეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ზარალს
საქმის მწარმოებელი კომპანია აანაზღაურებს.
"მოვუწოდებთ ჩვენს თანაქალაქელებსა და ქუთაისის სტუმრებს, თავი
შეიკავეთ ვანდალიზმისგან და ერთად დავიცვათ ქალაქის იერსახე. ქუთაისის
განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არაერთი პროექტი ფინანსდება
და მსგავსი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია",- ამბობენ
მერიაში.
ქუთაისის ცენტრალური პარკის
რეაბილიტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდმა,
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ
დაასრულა.
როგორც მგფ-ში განმარტავენ, პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში,
შენარჩუნდა არსებული გეგმარება, ხოლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა,
რეგიონისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტების
გათვალისწინებით.
მოეწყო წყალმომარაგების, წყალარინების, სადრენაჟე და ავტომატური
სარწყავი სისტემები, დამონტაჟდა ენერგოეფექტური განათების ბოძები,
განახლდა არსებული და მოეწყო დამატებით ახალი შადრევანი. დასრულდა
ისტორიული კოლონადების რესტავრაცია, მედიათეკის მოწყობა და დამატებითი
გამწვანება დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად. ასევე, პარკის ქვედა
ნაწილში შეიქმნა ახალი რეკრეაციული ზონა - „ვარდების ხეივანი“ და
პარკის ცენტრალურ ნაწილში კი მოეწყო „გვირილობის მოედანი“.
ქალაქის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის დასრულების ვადა სამჯერ
გადავადდა. ბოლო დაპირებით, ბულვარი ორმაისობაზე უნდა
გახსნილიყო, თუმცა სამუშაოები კიდევ ერთი თვით, ივნისის შუა
რიცხვებამდე გადაავადეს. ქალაქის მთავარი საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილი ერთი წლის მანძილზე შემოღობილი იყო. ბულვარში
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის მარტიდან მიმდინარეობდა.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების
ფონდმა განახორციელა, სამუშაოები კი - შპს
"დაგმა". აღნიშნულისთვის
15 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
ქუთაისის ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად
ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული
რეკონსტრუქცია არ მომხდარა.
ქუთაისის ცენტრალური პარკი 1821 წელს გაშენდა. ის გასული
საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების
თავშეყრის ადგილიც იყო და მას „ქუთაისის პარლამენტს“ უწოდებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები