გავრცელებული ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და
ევროკავშირის შესახებ უქმდება.
ცენტრი რეორგანიზაციის შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროს
შეუერთდება.
ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში დასაქმებულები,
სოციალურ ქსელში, უკვე ავრცელებენ ინფორმაციას მათი დაკავებული
თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ.
ამავე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „2025 წლის 1-ელი ივლისიდან
იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საინფორმაციო ცენტრის
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაცია“.
უკვე 19 წელია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი,
თბილისის ცენტრალური ოფისის და 10 რეგიონული წარმომადგენლობის
საშუალებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს. მათ ძირითად
სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ახალგაზრდები, მასწავლებლები,
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მედია
და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ასევე, მოსახლეობის იმ
ნაწილს, რომელიც განსაკუთრებული ინფორმაციული გამოწვევების წინაშე
დგას, კერძოდ, ენობრივი ბარიერი, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე და
მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლები და სხვა.
ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიურად სამიზნე აუდიტორიის
ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა სახის 800-მდე
ღონისძიებას ახორციელებს.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს
შეიქმნა. მისი დაარსების მიზანი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ
ორგანიზაციასთან (ნატო) ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობისათვის
ამომწურავი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ამით, მოსახლეობის
გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება იყო. 2013 წლიდან კი, ამ
ამოცანას კიდევ ერთი მიმართულება დაემატა – ევროკავშირი და მის
საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული აქტივობები. ამ დროიდან
მოყოლებული, მას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი
ეწოდება.
საინფორმაციო ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს,
რომელიც 2017 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს
ექვემდებარება.
მასალის გამოყენების პირობები