საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიების გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის 5 მონაწილე
სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო.
საუბარია რომან მეგრელიშვილის, მალხაზ ლაბაძის, გიორგი ცარციძის,
გიორგი ბიწაძისა და ჯუმბერ ცუცქირიძის გათავისუფლებაზე.
მოსამართლე ივანე ყიფიანის გადაწყვეტილებით, კომპანიებს
გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის დაევალათ გადაწყვეტილების
აღსრულებამდე იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ასევე,
მიუღებელი ხელფასისა და კომპენსაციის გადახდა.
შუქრუთელების უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო
ადვოკატირების ცენტრის“ იურისტი ვლადიმერ ქუთათელაძე იცავდა.
"გათავისუფლების მოტივი იყო ის, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც
2024 წლის მარტიდან შუქრუთის მაღაროსთან და შემდგომ პარლამენტის წინაც
მართავდნენ აქციებს, მათ შორის, შიმშილობაც ჰქონდათ გამოცხადებული,
პირი ამოიკერეს. ამ პროტესტში ვინც კი იღებდა მონაწილეობას და იყვნენ
დასაქმებულები "ჯორჯიან მანგანეზის"კონტრაქტორ კომპანიებში, ყველა
გაათავისუფლეს აბსოლუტურად და მიზეზები ყველას სხვადასხვა
მოუძებნეს",- განმარტა "ქუთაისიპოსტთან" ვლადიმერ ქუთათელაძემ.
შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, მიმდინარე უწყვეტი აქციის
მონაწილეები სამსახურებიდან 2024 წლის ივნისში
გაათავისუფლეს. ამასთან, კომპანიამ დაზარალებულ
ადამიანებს სასამართლოში იქით
უჩივლა, მათ ვისაც კომპანიის საქმიანობის შედეგად
საცხოვრებელი სახლები ენგრევათ. მოსარჩელემ მოითხოვა, შუქრუთელებს
აეკრძალოთ მაღაროს მუშაობის ხელის შემშლელი ქმედებების განხორციელება
(ფაქრობრივად პროტესტის უფლება) და ამასთან, ოთხი წლით ჩამოერთვათ
კერძო საკუთრებაში არსებული სახლები და მიწის ნაკვეთები. ასევე,
კომპანია პროტესტის მონაწილეებისგან 5,5 მილიონი ლარის ოდენობით,
ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
სოფელ შუქრუთში პროტესტი 2024 წლის
მარტში დაიწყო. მოსახლეობა ამბობს, რომ წლების
მანძილზე, მადნის ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად, დაუზიანდათ
საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სახნავ-სათესი მიწები, ეკლესია და
სასაფლაოები. ამიტომ, ისინი კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ
კომპენსაციას სთხოვენ. "ჯორჯიან მანგანეზში" კი ამტკიცებენ, რომ
ადამიანებს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე
აღებული აქვს და თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების
მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა.
ფოტო: მთის ამბები
ამავე თემაზე:
საჩხერის სასამართლომ შუქრუთის პროტესტი მონაწილის
სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო
ჩაშლილი მედიაცია და შუქრუთელების უპასუხო პროტესტის
311-ე დღე
რატომ აჩერებს ჭიათურის მაღარო მუშაობას - "ჯორჯიან
მანგანეზი" შუქრუთის მოსახლეობას ადანაშაულებს
შუქრუთელების პროტესტმა თბილისიდან ჭიათურაში
გადაინაცვლა
მასალის გამოყენების პირობები