ჭიათურაში, უსამართლოდ დაკავებული 4 მაღაროელის გათავისუფლების
მოთხოვნით, 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
სწორედ ამდენი ჭიათურელი ითხოვს მათი თანამოქალაქეების ციხიდან
გამოშვებას - ისინი უკვე ერთ თვეზე მეტია, პატიმრობაში
იმყოფებიან.
დაკავებულების სასამართლო პროცესი 19 ივნისსაა ჩანიშული, მანამდე კი
ჭიათურაში პროტესტი გრძელდება.
"94 დღეა, რაც უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა და სოციალური პროტესტი
მიმდინარეობს. ამ მოძრაობის იდეა იყო და რჩება ერთმნიშვნელოვნად
სოციალური სამართლიანობის აღდგენა: რომ აღდგეს სრულფასოვანი სამუშაო
პროცესი; რომ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი და უნარი, მიეცეს
დასაქმების შესაძლებლობა; რომ დასაქმება იყოს ღირსეული პირობებით,
შესაბამისი ანაზღაურებით და სამართლიანი შრომითი კონტრაქტებით.
ჩვენი მეგობრების გათავისუფლება პატიმრობიდან არის უპირობო და
აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და
სამართლიან ჩარჩოში.
რაც შეეხება ე.წ. რეორგანიზაციას – მისი პირობებით ხელმოწერა არაფერს
კარგს არ უქადის დასაქმებულს: პრაქტიკულად ის გადადის “სამსახურის
მაძიებელთა” რიგებში და ეცდება თავიდან დაიწყოს კონკურენცია სამუშაო
ადგილებზე, რომელსაც თავადვე ქმნიდა. მთავარი რჩება ინდივიდუალური და
კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებები, რომელიც დასაქმებულს აძლევს
გარანტიებსა და კონკრეტულ ბენეფიტებს. ველოდებით კომპანიის მხრიდან
ველოდებით განახლებულ შრომით კონტრაქტებს",- აცხადებენ
მშრომელები.
ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები
ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით
წაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის
მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა
არეში დაზიანება მიაყენეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2
ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე
დაზიანებას გულისხმობს და 4-დან 9 წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს.
ჭიათურაში პროტესტი 4 თვეზე მეტია გრძელდება. მაღაროელებმა ქუჩის
პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან
გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ
ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე
დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის
გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების
მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია
"ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების
გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს,
მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს
კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.
სოცკსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა
უშედეგოდ. კომპანია მშრომელების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს არ
ითვალისწინებს. მაღაროელებს არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი
ხვდება.
მასალის გამოყენების პირობები