„30-ზე მეტი მიმართულებით ხდება ქუთაისიდან პირდაპირი ფრენების
ოპერირება, საიდანაც 24 მიმართულება ევროპულია",- ამის შესახებ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილი ქუთაისში აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის
სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო და როგორც აღნიშნა, პროექტის
განხორციელებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა
გაიზრდება.
მისივე თქმით, როგორც ასაფრენ დასაფრენი ზოლის, ისე ტერმინალის
გაფართოების პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკის
განვითარებაში.
"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აქტიურად მიმდინარეობს მასშტაბური
ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება. ჩვენ 70 ჰა ტერიტორიაზე
ვაშენებთ ახალ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს 3,5 კმ სიგრძის მქონეს.
ამავდროულად ვამატებთ 4 სამიმოსვლო ბილიკს და ვზრდით არსებული
ბაქნების რაოდენობას 17-მდე. ეს არის მსხვილი საინვესტიციო პროექტი,
რომლის ინვესტიციაც გამოყო საქართველოს მთავრობამ“, - განაცხადა
მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია არსებული
აეროპორტის განვითარების გეგმის რევიზია, რათა გაიზარდოს სამგზავრო
ტერმინალის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე. როგორც ქვრივიშვილმა
განმარტა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გამოირჩევა სწრაფი მზარდი
დინამიკით, რაც განპირობებულია ახალი ავიაკომპანიების შემოსვლით,
ახალი პირდაპირი ფრენების დანიშვნით.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის
ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული
სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. აეროპორტების
გაერთიანების ინფორმაციით, უკვე დასრულდა ტერიტორიის გაწმენდითი
სამუშაოები, მიმდინარეობს მიწის საექსკავაციო პროცესი.
"ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 30000 კვადრატული
მეტრის ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაც ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მოწყობა
და ინერტული მასალების შეტანა მიმდინარეობს.
პარალელურ რეჟიმში 35000 კვმ-ზე მიმდინარეობს თვითმფრინავების ბაქნის
მშენებლობის სამუშაოები, რომლის სრული კვადრატულობა 55 000 კვმ-ს
შეადგენს, ასევე მიმდინარეობს დაახლოებით, 17 კმ საერთო ფართზე ახალი
საინჟინრო-საირიგაციო ნაგებობების მოწყობა. პროექტს სამშენებლო
კომპანია ,,ანაგი" ახორციელებს. რისი დასრულების შემდეგაც, ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტს ექნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი
საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების
მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის
გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც
მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, მსოფლიოს
ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია
IATA კონსალტინგმა დაასრულა",- განმარტავენ აეროპორტების
გაერთიანებაში.
მასალის გამოყენების პირობები