მომავალი წლიდან, საჯარო სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ
იმ ბავშვებს, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი
წელი.
ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ,
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიქანაძის თქმით, გამოვლინდა, რომ 6-წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც
სკოლაში შედიან, დღეს არსებული კანონმდებლობით, სოციალურ-ემოციური
ფონიდან და მზაობიდან გამომდინარე, უჭირთ სასწავლო პროცესში სრული
ინტეგრირება.
„ამიტომ, იმ კომპონენტიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო
პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან,
ყოველ მომდევნო წელს სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ
ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ
ექვსი წელი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, 11-წლიანი სწავლება საკმარისი იქნება სრულფასოვანი
ზოგადი განათლების მისაცემად, თუმცა მსურველებს შეეძლებათ, მე-12
კლასში შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე ისწავლონ.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, რეგისტრაციის შესაძლებლობა მოსწავლეებს
ყოველი წლის მარტში ექნებათ.
„რეალობა არის შემდეგი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო სრულ
პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება
საკმარისი ახალგაზრდებისთვის სრულფასოვანი ზოგადი განათლების
მისაცემად. ამავდროულად, ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ,
რომლითაც ყოველი წლის მარტში გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, ნებისმიერ
პირს შეეძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი მე-12 კლასში
ისწავლოს. შესაბამისად, მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება
შემდეგ სასწავლო წელს და ამით მათ ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ“, –
განაცხადა გივი მიქანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები