მაღაროელები, რომლებიც 84-ე დღეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს
მართავენ, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" ადმინისტრაციასთან ვერ
შეთანხმდნენ.
მათ საწარმოების ახალი მმართველთან, მიხეილ სოცკთან, სამი მთავარი და
დროში სწრაფად გადასაჭრელი მოთხოვნა ჰქონდათ დაყენებული: უკანონოდ
დაკავებული 4 თანამებრძოლის გათავისუფლება, 2 თვის ხელფასის ჩარიცხვა
და საბანკო პროცენტების განულება, თუმცა როგორც მაღაროელი ტარიელ
მიქაცაძე განმარტავს, შეხვედრა ისე დატოვეს, შეთანხმებას ვერ
მიაღწიეს.
"ვერაფერზე ვერ შევთანხმდით. მას [მიხეილ სოცკის] ისეთი იდეები და
განცხადებები ჰქონდა, რაც სრულიად მიუღებელი იყო, ზოგადი და არაფერს
არ ეხებოდა მნიშვნელოვანს. ამიტომ, დავტოვეთ ისე შეხვედრა, რომ რამე
შედეგზე ვერ გავედით, ვერაფერს ვერ მივაღწიეთ.
ჩვენ შეხვედრებზე არასდროს ვამბობთ უარს. როცა გამოთქვამს მზაობას,
აუცილებლად შევხვდებით, უბრალოდ, მარტო იმ შემთხვევაში გვხვდება, როცა
ავალთ საწარმოში, მშრომელები არ შევლენ მაღაროში და სამუშაო პროცესი
შეჩერდება. ამის შემდეგ გამოდის მიხეილ სოცკი და ხდება იძულებული,
დიალოგზე დაგვითანხმოს, მაგრამ ეს დიალოგები ყოველგვარი შედეგის
გარეშე მთავრდება, არაფერი არ იძვრის წინ",- განმარტა ტარიელ
მიქაცაძემ.
მისივე თქმით, პროტესტი ჭიათურაში კვლავ გრძელდება და გაგრძელდება
მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომპანიამ ვიდეო-მასალა
მაღაროელებთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, სადაც მიხეილ სოცკი
საუბრობს, რომ მარტისა და აპრილის თვეებისთვის გათვალისწინებულია
ანაზღაურება 60%-ის ფარგლებში, ხოლო მათთვის, ვინც ამჟამად სრულად
მუშაობს, ხელფასი გაიცემა 100%-ით, ახალი კონტრაქტის შესაბამისად,
რომელიც ხელმოწერისთანავე ძალაში შევა.
"ეს პროცესი 20-30 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს, თუმცა
შესაძლებელია, რომ ბევრად ადრე, მაგალითად, ერთ კვირაში დასრულდეს და
ხელფასები და კომპენსაციები სწორედ ამ ვადაში გაიცეს. მღვიმევის
მაღარო უკვე ერთი კვირა, რაც ამუშავდა და იქ დასაქმებულები
კომპენსაციას მიიღებენ ამ კვირის ბოლოს, ან მაქსიმუმ მომდევნო კვირის
დასაწყისში. ანალოგიური პრინციპით გაგრძელდება პროცესი სხვა
მაღაროებშიც, ითხვისში და სხვაგან. ეს ეხება მხოლოდ იმ თანამშრომლებს,
ვინც გააგრძელა შრომითი ურთიერთობა და სამსახურში დაბრუნდა",-
განაცხადა მიხეილ სოცკიმ.
მისივე თქმით, ბანკებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულები არსებობს,
მუშაობენ იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს და იმისთვის რომ
კონკრეტულ შედეგამდე მივიდნენ, "დრო სჭირდებათ".
რაც შეეხება 4 დაკავებულის გათავისუფლების საკითხს, კომპანიაში
განმარტავენ, რომ მათ მიერ ჩადენილ ქმედებაზე რეაგირება უნდა მოხდეს,
მაგრამ სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალურად რბილი.
"იურისტებმა მომაწოდეს მათი ხედვით ერთადერთი მოქმედების სქემა:
დაკავებულებმა უნდა აღიარონ, რომ მათ მიერ ჩადენილი ქმედება
წარმოადგენს სამართალდარღვევას, ხოლო ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად უნდა
შევუწყოთ ხელი შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებას. ვერავინ
იტყვის, რომ ცემა არ ყოფილა. მზად ვარ, ჩემი მხრიდან მაქსიმალურად
ჩავდო ძალისხმება, რომ მხარეებს შორის არსებული კონფლიქტი ამოწურული
იყოს იმ პირობით, რომ დამნაშავეებმა აუცილებლად უნდა მიიღონ სასჯელი,
მაგრამ ეს სასჯელი იყოს მაქსიმალურად რბილი. კატეგორიულად ვარ
წინააღმდეგი, რომ ამ საკითხის განხილვა საერთოდ არ მოხდეს. ამ
თემასთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას ვეღარ შევცვლი",- განმარტა
მიხეილ სოცკიმ.
ოთხი მაღაროელი: მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი
და არჩილ ჭუმბურიძე 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც
მაღაროელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის
გამოყენებით წაიყვანა.
2 მათგანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ორს
კი მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან
ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე.
ხოლო მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6
წლამდე.
მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ
2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი
განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი
ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან
მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას
მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა
გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი
განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და
პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის"
დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.
მასალის გამოყენების პირობები