საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში, საქართველოში,
უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7
პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.7% შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის I
კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,
დაქირავებულთა
რიცხოვნობა გაიზარდა 5.3 ათასი კაცით (0.6%) და 958.3 ათასს მიაღწია,
ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 13.5 ათასით შემცირდა (3.0%) და
434.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა
10.8 ათასით (4.7%) და 239.4 ათასი შეადგინა.
"2025 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო
ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და
54.8 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე შემცირდა 0.5
პროცენტული პუნქტით და 46.8% შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის
დონე როგორც ქალაქის ისე სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2
პროცენტული პუნქტით.
დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.0
პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1
პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.8%-ს და 45.3%-ს
შეადგენს.
2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,
დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.8 პროცენტული
პუნქტით გაიზარდა და 68.8% შეადგინა.
2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,
უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.4
პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.6
პროცენტული პუნქტით",- აღნიშნულია საქსტატის გავრცელებულ
ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში,
ქალებთან შედარებით. 2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 0.5 პროცენტული პუნქტით
არის გაზრდილი ქალებში, ხოლო კაცებში - 0.7 პროცენტული პუნქტით და
შესაბამისად 11.6 პროცენტს და 17%-ს შეადგენს.
ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია
კაცებში. 2025 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.4
პროცენტს, ხოლო კაცებში 66.5 პროცენტს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.6
პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში არ შეცვლილა.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე შემცირებულია ქალებში 0.8
პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.4 პროცენტული პუნქტით.
მასალის გამოყენების პირობები