თითქმის სამთვიანი პროტესტის შემდეგ, მაღაროელები "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანის" ადმინისტრაციას, იურისტებთან ერთად, შეხვდნენ.
როგორც მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, შეხვედრაზე
დაახარისხეს ის მოთხოვნები, რომლებიც უმოკლეს ვადაში უნდა გადაიჭრას
და ისინიც, რაც შემდეგ, კომისიურ რეჟიმში, საუბრის პარალელურად, უნდა
მოგვარდეს.
"სწრაფად უნდა გადაწყდეს, პირველ რიგში, ბიჭების გათავისუფლების
საკითხი. გვპირდებიან, რომ კანონის ჩარჩოში, გააკეთებენ მაქსიმუმს,
ითანამშრომლებენ ჩვენთანაც და გამოძიებასთანაც. როგორც გვითხრეს, არ
არის მათი ინტერესი რომ ბიჭები იყვნენ ციხეში. ასევე, უახლოესს
დღეებში, განიხილავენ ხელფასი როდის დარიგდება (ორი თვის ხელფასზეა
საუბარი) და განიხილავენ საბანკო პროცენტებს, რადგან არ ექნება აზრი
ხელფასის აღებას, თუ თანხას ბანკი წაიღებს. ეს სამი საკითხი უნდა
გადაწყდეს ძალიან მოკლე ვადაში. ხვალ არის სამუშაო დღე და გვაქვს დიდი
იმედი, რომ გვეცოდინება იურისტისგან პასუხი",- განმარტა ტარიელ
მიქაცაძემ.
მისივე განმარტებით, დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა:
რეორგანიზაცია, სამუშაო გრაფიკი, დაზღვევა და ა.შ, კომპანიის
ადმინისტრაციას 26 მაისს შეხვდებიან.
"როდესაც დაგვიბრუნდება სწრაფად მოსაგვარებელ საკითხებზე პასუხი, ამის
მერე იწყება გრძელვადიანი თათბირი და შეხვედრები დანარჩენ საკითხებთან
დაკავშირებით. ეს იქნება, რა თქმა უნდა, დროში გაწერილი და მონახაზები
გაკეთდება 26 მაისს",- განაცხადა მიქაცაძემ.
მისივე თქმით, სანამ მაღაროელების პრობლემები არ გადაწყდება, ბრძოლას
და უწყვეტ საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.
ჭიათურაში პროტესტის მე-80 და შიმშილობის 21-ე დღეა. საკვების
მიღებაზე უარს აცხადებს 5 მაღაროელი, 2 მშრომელი კი, ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკაში იმყოფება. ამ დრომდე
ციხეშია 4 მშრომელი.
მაღაროელები ჭიათურაში, ქუჩაში, უწყვეტ პროტესტში არიან, გაშლილი აქვთ
კარვებიც. მშრომელების ნაწილი კი თბილისშია წასული და მე-6 დღეა,
აქციას მთავრობის კანცელარიასთან მართავს.
ისინი 2 თვეზე მეტია, პროცესებში სახელმწიფოს ჩართულობას ითხოვენ,
თუმცა ამ ხნის განმავლობაში ჭიათურაში მთავრობის არცერთი
წარმომადგენელი არ ჩამოსულა და პროტესტის მონაწილეებს პირადად არ
დალაპარაკებია.
მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024
წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა.
მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება.
შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის
მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას
მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა
გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი
განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და
პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის"
დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.
ამავე თემაზე:
"დღეს ვხვდებით კომპანიის ადმინისტრაციას, იურისტთან
ერთად"- მაღაროელები
მაღაროელების მიხეილ სოცკის შეხვედრა - რაზე ისაუბრეს
მხარეებმა
რატომ არ ხვდება ჯანდაცვის მინისტრი მაღაროელებს -
რას ამბობს მიხეილ სარჯველაძე ჭიათურაში 75 დღიან პროტესტზე
"გადავარჩინოთ ჭიათურა"- მაღაროელების ნაწილი
თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, ჩავიდა
"თავისუფლება უკანონოდ დაკავებულებს“ - მასშტაბური
საპროტესტო აქცია ჭიათურაში
მასალის გამოყენების პირობები