ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, რომლის რეაბილიტაციის დასრულების ვადა
სამჯერ გადავადდა და ბოლო დაპირებით ორმაისობაზე უნდა გახსნილიყო,
სამუშაოები კიდევ ერთი თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება.
სამუშაოების გადავადების მეოთხე ცვლილება ხელშეკრულებაში ასახულია და
ამჯერად, სამუშაოები 15 ივნისს უნდა დასრულდეს.
"პროექტის მიმდინარეობის პროცეში, ქუთაისის მერიამ თხოვნით მიმართა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დამატებითი სამუშაოების
განხორციელების შესახებ. კერძოდ, უნდა მოხდეს ქუთაისის ცენტრალური
პარკის სამხრეთ და აღმოსავლეთ მხარეებზე მდებარე საფეხმავლო ბილიკებზე
არსებული ამორტიზებული და დაზიანებული ფილების დემონტაჟი და
ჩანაცვლდეს მაღალი ხარისხის, გამძლე, ბუნებრივი ქვის საფარით. გარდა
ამისა, პარკის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს შესაბამისი სივრცე ნიკო
ნიკოლაძის ბიუსტის ინსტალაციისთვის. აღნიშნული დამატებითი სამუშაოების
ეფექტურად და სტანდარტების შესაბამისობაში შესრულებისათვის საჭიროა
დამატებითი ვადის გამოყოფა. სამუშაოების დასრულების ვადად
განისაზღვროს 2025 წლის 15 ივნისი",- ვკითხულობთ სატენდერო
დოკუმენტაციაში.
მგფ-ის ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში პროექტით დაგეგმილი
სამუშაოების 90% უკვე შესრულებულია. ამ დროისთვის დასრულებულია
წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლება, სადრენაჟე და
ავტომატური სარწყავი სისტემის მოწყობა, ენერგოეფექტური განათების
ბოძების მონტაჟი, შადრევნების განახლება და ახალის მოწყობა,
ბილიკებისა და ბორდიურების მოპირკეთება, ისტორიული კოლონადების და
ინფრასტრუქტურის რესტავრაცია, მედიათეკის მოწყობა და დამატებითი
გამწვანება დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად. ასევე, პარკის ქვედა
ნაწილში უკვე შეიქმნა ახალი რეკრეაციული ზონა - „ვარდების
ხეივანი“
უკვე ზუსტად ერთი წელია, რაც ქალაქის მთავარი საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილი შემოღობილია. ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები
2024 წლის მარტიდან მიმდინარეობს.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს,
სამუშაოებს კი - შპს "დაგი". ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას
საქართველოს მთავრობა 14.9 მილიონი ლარით აფინანსებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ბულვარში 25 ძირი
ხე
მოჭრეს. როგორც ფონდში გვითხრეს, გამხმარი და ზეხმელი ხეები
საექსპერტო დასკვნის საფუძველზე მოიჭრა, მანამდე კი მწვანე ნარგავების
ხარისხობრივი შეფასება/ აღწერა (სატყეო ტაქსაცია) განხორციელდა.
ფონდში განმარტეს ისიც, რომ პარკის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია
ახალი ხე-მცენარეების დამატებაც.
პროექტის მიხედვით, პარკის გეგმარება უცვლელი უნდა დარჩეს, განახლდება
მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა. პარკის ცენტრალურ ნაწილში ეწყობა
„გვირილობის მოედანი“, ხოლო ქვედა ნაწილში ახალი რეკრეაციული
სივრცე.
პარკში ასევე ეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, მონტაჟდება
ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები და
რეაბილიტირდება არსებული საზოგადობრივი საპირფარეშო.
ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის არსებობასთან დაკავშირებით
საზოგადოებაში
კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბულვარში
განთავსებული კაფე-ბარი "სავანე"
სასწრაფოდ დაანგრიეს, სამუშაოების დაწყების
განცდის შესაქმნელად კი ტერიტორია
მალევე შემოღებეს. უნდა აღნიშნოს, რომ
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოტოები, თუ როგორი უნდა იყოს
რეაბილიტირებული ბულვარი, სწორედ ამ პროცესების შემდეგ
გაასაჯაროვა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები 2023 წელს უნდა
დაწყებულიყო, თუმცა როგორც მგფ-ში განმარტავდნენ, ბაღში განთავსებული
ნაგებობის, (კაფე-ბარ ,,სავანეს’’) გამო ვერ ხერხდებოდა, რის
შედეგადაც საქმეში მერიაში ჩაერია და საქალაქო სასამართლოში
განხორციელებული დავების შედეგად, უკვე 2023 წლის 27 დეკემბერს
,,სავანე’’ დაანგრია.
ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის
მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. დაპირებიდან ერთი
წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ
გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული
ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტის
შემუშავება არ მოხდა.
ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის გასული საუკუნის
დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების
თავშეყრის ადგილიც იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მუშტაიდის პარკის
შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში.
ქუთაისის ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად
ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული
რეკონსტრუქცია არ მომხდარა.
როგორი უნდა იყოს ბულვარი რეაბილიტაციის შემდეგ,
ნახეთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები