ახალი ამბები
პროტესტის 35-ე დღეს, მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს
FaceBook
ჭიათურაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის 35-ე დღეს, ორმა მაღაროელმა, მერაბ სარალიძემ და სიმონ მიქაძემ შიმშილობა დაიწყო.
მაღაროელები ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილზე ჩასვლას და შეხვედრას თხოვენ.  

"35 დღეა ვსაუბრობთ, მშვიდად და პატივისცემით მივმართავდით ყველას და ვთხოვდით, განსაკუთრებით ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ მოესმინა რეალურად ჭიათურის გაჭირვება, მაგრამ ელემენტარული პატივისცემაც ვერ მოვიპოვეთ. ძალიან დიდი უსამართლობის შეგრძნება მაქვს. მინიმუმ 3500 ადამიანი საუბრობს, რომ დარჩა სამსახურის და შემოსავლის გარეშე. ოჯახში პურის ფული არ აქვთ და ბავშვები მშიერი ჰყავთ, მაგრამ მოუხედავად ამისა, ისიც ვერ მოხერხდა, რომ თავი შეიწუხონ და ერთი წარმომადგენელი მაინც გამოაგზავნონ. ამ ყველაფრის ფონზე, დაუსხდნენ პეტრიაშვილის პროფკავშირს მოლაპარაკების მაგიდაზე და მათი ხელით აგვარებენ თითქოს ამ პრობლემას. ჩვენ ამის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და პირველი მიზეზი ის იყო რატომაც დავიწყე შიმშილობა", - განაცხადა მერაბ სარალიძემ.

1 აპრილს მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ და ჭიათურის მერიის შენობასთან ორი კარავი გაშალეს. მშრომელები ახლა ცდილობენ, მაღაროების გაჩერების შემდეგ, სოციალურ კრიზისში მყოფ ადგილობრივებს დაეხმარონ. პარალელურად, "ჯორჯიან მანგანეზს" ხელი შეუშალონ ქალაქიდან წიაღისეულის გატანაში. მაღაროელები იმედოვნებენ, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიას მანგანუმის მარაგი ამოეწურება, იძულებული გახდება მშრომელებთან მოლაპარაკება დაიწყოს.



ჭიათურაში პროტესტი 28 თებერვლიდან მიმდინარეობს. მაღაროელები სამი თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას, მადნის მომპოვებელი კომპანიის "ჯორჯიან მანგანეზისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევას და საწარმოების სახელმწიფოს მართვაში გადაცემას ითხოვენ.

ჭიათურაში ხუთი თვეა მაღაროები დახურულია. მიმდინარე წლის 7 მარტს კი "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ბოლო ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზისგან" მაღაროების მართვა გადაიბარა, განაცხადა, რომ საწარმოებში სამუშაოები აღარ განახლდება, რადგან წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია. კომპანიამ მაღაროების არარენტაბელურობა რამდენიმე მიზეზით ახსნა. მათ შორის, დაასახელა ფეროშენადნობთა ბაზარზე არსებული რთული ვითარება, თუმცა, მთავარ დამნაშავედ ჭიათურელები გამოაცხადა.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პროცესი კრიზისისკენ წლების განმავლობაში, კომპანიაში დასაქმებულთა მრავალჯერადი გაფიცვის პარალელურად მიდიოდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ შვიდი მაღაროს პიკეტირების გამო, სამუშაოები პრაქტიკულად გაჩერებული იყო, რადგან კომპანია მანგანუმის 70%-ს სწორედ ამ ტერიტორიაზე მოიპოვებდა. ამ განცხადების შემდეგ, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" სასამართლოს მიმართა და კომპანიის გაკოტრების აღიარება მოითხოვა, რაც მას თავიდან აარიდებდა დასაქმებულებისთვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას. "პროფკავშირების გაერთიანების" მოთხოვნის შემდეგ, პროცესი დროებით შეჩერებულია. ახლა, ჭიათურის კრიზისზე ჭიათურელების გარეშე მსჯელობს ჯანდაცვის სამინისტროს სამმხრივი კომისიის ჯგუფი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:06 / 14.06.2025

15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
11:03 / 14.06.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.