ახალი ამბები
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
FaceBook
საქართველოს საპატრიარქომ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II- ის ყოველწლიური, საშობაო ეპისტოლე გაავრცელა.


ეპისტოლე მორალური პათოსითაა გაჯერებული და არაფერია ნათქვამი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. საშობაო წერილში, უმეტესად საუბარია ეგოიზმსა და ამპარტავნებაზე, როგორც ადამიანის დაცემული ბუნების გამოვლინებაზე, ასევე სიკვდილის შიშზე, რომელიც ადამიანური სისუსტეებით არის გამოწვეული.


"ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი ... ბოროტი ძალისგან თავსმოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ, როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში სიტყვა "მე" განსაკუთრებულად დომინირებს. ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეჰხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს ...
დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც. ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ.
ეს ყოველივე უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და აღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს.
ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში სინამდვილეში ცოდვებიდან მომდინარეობს, რომ ცოდვას დამონებული სული გაუცნობიერებლად უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და ამიტომაც ძრწის; მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მანკიერებებს განეშოროს და სული განიწმინდოს, ხშირად ნიჰილიზმში ვარდება და ათეიზმს აფარებს თავს (თუმცა ურწმუნოების მიზეზი სხვაც არაერთია)" - წერია ეპისტოლეში.

საშობაო წერილი მრევლს ცოდვების გაცნობიერებისა და მონანიებისკენ მოუწოდებს.


პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს სრული ვერსია:

საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ
ილია II-ის
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
"სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან" (რომაელთა 8,2)
ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო,
ქრისტე იშვა!
ჭეშმარიტად იშვა სიტყვა ღვთისა,- უფალი ჩვენი იესო ქრისტე, - "ვის მიერადაც ყოველი შეიქმნა, და არაფერი შექმნილა მის გარეშე, რაც კი შექმნილა"! (იოანე 1.3). "გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს ყოველი ერი, რამეთუ დღეს დავითის ქალაქში დაიბადა … მაცხოვარი" (ლუკა II, 10-11).
ყველა პრობლემას უკვე ჩვენ ამ სიხარულით ვფარავთ, ამით ვძლევთ ჩვენს სისუსტეებსა და განსაცდელს, ამით ვძლევთ უსამართლობას, მწუხარებასა და ტკივილს.
მართლაც, რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი და დიადი, როცა თვით ღმერთი შემოდის ჩვენს ცხოვრებასა და ისტორიაში, რათა ჩვენი არსებობის მთავარი მიზნის განხორციელებაში დაგვეხმაროს.
მაგრამ როგორ შევხვდებით მას, ვითარცა ძენი და ასულნი ღვთისანი, ვითარცა თვისნი მისნი, თუ როგორც მხოლოდ შორეულნი, უცხონი ან, თითქმის მისგან განდგომილნი?
* * *
ჩვენ უფლის განგებულების განსაკუთრებული გამოვლინებანი ვართ.
გასაოცარია ყველაფერი, რაც ჩვენს პირველმშობლებამდე შეიქმნა, - უმცირესი ნაწილაკები იქნება ეს, მცენარეები, ფრინველები, ცხოველები, ზღვის ბინადარნი თუ ციური სხეულები ... ისინი დიდი მრავალფეროვნებით, დიდი უნარებით, დიდი თავისებურებებით გამოირჩევიან, მაგრამ მათი მოქმედებები და შესაძლებლობები იყო და არის შეზღუდული.
მხოლოდ ადამიანი მოიცავს ფიზიკურსა და სულიერს, მიკრო და მაკრო სამყაროს, და ძალუძს შეიყვაროს იგი, როგორც თავისი ნაწილი ამქვეყნადაც და მარადისობაშიც.
მხოლოდ ადამიანია ღვთის ხატებად და მსგავსებად შექმნილი, გონიერი, მეტყველი, სიკეთით, თავისუფალი ნებითა და ღვთაებრივი სიყვარულის უნარით დაჯილდოებული არსება; მოწოდებული, შეიცნოს ჭეშმარიტება და ემსახუროს მას.
ღმერთმა იგი იმიტომ დაჰბადა, რომ თავის მარადიულ სიკეთეთა თანაზიარად გაეხადა და ის ნეტარებები განეცადა, რაც უფალს აქვს. ადამიანი ხილული სამყაროს მეფე უნდა ყოფილიყო და, ღმერთს მიმსგავსებულს, სიბრძნითა და სიყვარულით განეგო იგი.
ჩვენს პირველმშობლებს მთელი თავისი ნებელობა უფლისკენ ჰქონდათ მიმართული და სრულად ღვთისას იზრახავდნენ. ამასთან, მათი სული სულ უფრო მეტად განიმტკიცებდა საღვთო ბუნების თვისებებს - სათნოებებს და ხარობდა ამით.
როგორც ცნობილია, შემდგომ ბოროტმა ძალამ მოატყუა ისინი, როცა უთხრა: შემოქმედი იმიტომ გიკრძალავთ ხე-ცნობადისას ნაყოფის ჭამას, რომ მისებრ ღმერთი არ გახდეთო.
სინამდვილეში კი, ჩვენი განღმრთობა სწორედ უფლის ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ამისთვის ადამი და ევა თანდათან უნდა მომზადებულიყვნენ და უფლის მორჩილებით ასულიყვნენ სრულყოფის კიბეზე.
ისინი კი, ჯერ კიდევ სულიერად მოუმწიფებელნი, შეეცადნენ, გატოლებოდნენ მას, ვინც დაჰბადა ისინი და ყველაფერი უშურველად მისცა; თანაც ამის მიღწევა მათ ღმერთისგან განდგომით მოინდომეს და მისი ნების წინააღმდეგ წავიდნენ. ვერ დააფასეს უფლისგან ბოძებული, თვით ანგელოზებზე აღმატებული პატივი, უხილავი ღმერთის თანაშემწეობაზე უარი თქვეს და მოინდომეს ღმერთად გახდომა.
ცოდვამ აამღვრია და დაასნებოვნა ადამის და ევას შინაგანი სამყარო, რასაც თავისთავად მოჰყვა შესაბამისი შედეგი: სიცოცხლის ნაცვლად მიიღეს სიკვდილი; ნეტარების ნაცვლად - ტანჯვა და მწუხარება, ძლიერების ნაცვლად - უძლურება… და ერთბაშად დაკარგეს თვითმფლობელობაც და საღვთო ხელმწიფებაც; მათი მორჩილი სტიქიონებიც და ცოცხალი არსებებიც მტრად გაუხდნენ და მარტონი დარჩნენ გარემო სივრცის პირისპირ.
ეს უმძიმესი ცვლილება კი მოხდა იმიტომ, რომ მათი გული ღმერთს განეშორა და შემოქმედის ადგილი ეგოისტურმა ,,მე"-მ დაიკავა.
ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. დაცემის შემდეგ ჩვენს პირველმშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა, - ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა… საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა.
ბოროტი ძალისგან თავსმოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ, როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში სიტყვა "მე" განსაკუთრებულად დომინირებს.
ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეჰხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, ღმერთი კი დავიწყებული ჰყავს, ან მექანიკურად ახსენებს მის სახელს.
ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული, ჩვენია მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარვმართოთ. ამასთან, ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება, არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი.
ამიტომაც, სხვა მცნებებთან ერთად, უნდა აღვასრულოთ ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი სწავლება უფლისა, - "შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი" და უმეტესი ამისა, ახალი მცნება ახალი აღთქმისა, რომელიც მაცხოვრისაგან ასეთი სახით მოგვეცა: "ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ, ... როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი" (იოანე 13.34).
მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ჩვენი პირადი უდიდესი სასწაულის აღსრულებას, - გულიდან ეგოიზმის გაძევებას და მასში უფლის დავანებას, მხოლოდ ამ საშუალებით მოვიპოვებთ ზეცის მოქალაქეობას.
"მე ვარ კარი, ჩემს მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს" (იოანე 10,9) - გვასწავლის იესო ქრისტე.
* * *
დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც. ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ.
ეს ყოველივე უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და აღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს.
ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში სინამდვილეში ცოდვებიდან მომდინარეობს, რომ ცოდვას დამონებული სული გაუცნობიერებლად უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და ამიტომაც ძრწის; მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მანკიერებებს განეშოროს და სული განიწმინდოს, ხშირად ნიჰილიზმში ვარდება და ათეიზმს აფარებს თავს (თუმცა ურწმუნოების მიზეზი სხვაც არაერთია).
ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება პერიოდია დაბადებიდან სიკვდილამდე და სიკვდილთან ერთად მათთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ბოროტება, სიკეთე, ფარისევლობა, ერთგულება, შური, სიყვარული, უზნეობა ... ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებია და რაიმე პასუხისმგებლობას არც კონკრეტული პიროვნების და არც ღვთის წინაშე არ გრძობენ, რადგან არ სწამთ იმქვეყნიური ცხოვრების, არ სწამთ მარადიული ფასეულობების.
* * *
დღეს ქრისტე იშვება დედამიწაზე, საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით, და მოაქვს სიცოცხლის ნათელი მათთვის, ვისაც სწამს, რომ ღვთის ხატადაა შექმნილი და ესწრაფვის ცხონებას.
ჩვენ ვსაუბრობთ იმ რწმენაზე, რომელიც, ადამიდან მოყოლებული, გადაეცემოდა თაობიდან თაობას პირველ მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა, მართალთა ... მიერ და გვასწავლიდა, რომ არ ვართ შემთხვევითი არსებები, რომ არ ვართ სიკვდილისთვის გაჩენილნი, არამედ - მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან მყოფობისათვის მოწოდებულნი.
უფალს ელოდა სიწმინდით, სიმართლით და სიყვარულით მცხოვრები ჭეშმარიტი სიბრძნისა და სიმართლის მაძიებელი, ყოველი ადამიანი. იგი იყო "მოლოდება წარმართთაც"(დაბადება: 49. 10).
წარმართთა შორის ღრმად მოაზროვნენი გრძნობდნენ სულიერ შიმშილს, მათ არ აკმაყოფილებდათ ადამიანთა მიერ შეთხზული გადმოცემები სხვადასხვა "ღმერთზე", გრძნობდნენ მათ სიყალბეს და ელოდნენ ჭეშმარიტს, ნამდვილსა და აღმატებულს.
ასე იყო საქართველოშიც. ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ უარყო წარმართობა და სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას. ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა.
ქრისტე მოგვევლინა ჩვენი სხეულით, ჩვენი ბუნებით და გახდა ჩვენი ცხოვრების მტვირთველი (გარდა ცოდვისა); უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, უხორცო, - ხორციელი, უკვდავი, - მოკვდავი, რათა მსგავსებით მსგავსი გადაერჩინა და თითოეული ჩვენგანისათვის ეთქვა: მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ხატება არ არის შენში ბოლომდე წარხოცილი; ჩემი შესაძლებლობები შენი შესაძლებლობებიცაა და შენთან ერთად მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო შენს ფერისცვალებაში, შენს გადარჩენაში.
მას ჩვენს რეალობაში შემოაქვს სამოთხის კანონები, - მცნებები, ზეცის მოქალაქეთა თვისებები, რათა გავაცნობიეროთ ცოდვა ჩვენს ყოფაში და სინანულით აღვხოცოთ იგი, ამით განვაქარვოთ ჩვენი სიკვდილი და გარდაცვალება მარადიული ნეტარმყოფობის საწყისად ვაქციოთ.
ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ.
* * *
"ქრისტიანობა რჩეულთა ხვედრია: თქვენ კი რჩეულთა მოდგმა ხართ, სამეუფო სამღვდელო, წმინდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თვისი საკვირველი ნათლისკენ გიხმოთ" (I პეტრე, 2,9).
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ღმერთმა შეგვინდოს შეცოდებანნი ჩვენნი და შეგვაძლებინოს, პეტრე მოციქულის ეს სიტყვები ჩვენს ერზე, თითოეულ თქვენგანზე და ჭეშმარიტების გზით მავალ ყველა ადამიანზე გაცხადდეს.
კურთხეულია უფლის შობის დიადი საიდუმლოს მხილველი და აღმქმელი თქვენი სულიერი თვალნი.
კურთხეულია ბეთლემის სასწაულის სულიერად განმცდელი თქვენი გული.
კურთხეულია თქვენი სასმენელნი, რომელთაც დღესაც ახარებს ანგელოზთა საგალობლის ხმა: "დიდება მაღლთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
ამ დიდი ძალისა და სიღრმის მქონე ზეციურმა სიტყვებმა დაე, მოიცვას და ღმერთში გააერთიანოს სრულიად საქართველო, უცხოეთში მყოფი თანამემამულენი და ყოველი კეთილი ნების ადამიანი, რათა მოგვებთან და მწყემსებთან ერთად, გავემართოთ ბეთლემისაკენ, ანთებული სანთლებით მივეახლოთ ყრმა იესოს და კრძალვითა და სიხარულით აღმოვთქვათ: "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ ..., ღმერთი ჩემი ხარ შენ, და აღგამაღლო შენ; ღმერთი ჩემი ხარ შენ, აღგიარო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ" (ფსალმუნნი 117,23,29).
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი,
შობა ქრისტესი
2024-2025წ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.