ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის აქტიური განხილვები 15
ნოემბრიდან დაიწყება.
ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ,
ირაკლი შენგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, მაქსიმალურად შეეცდებიან, ქალაქის მთავარ საფინანსო
დოკუმენტში, ყველა ის შენიშვნა თუ მოსაზრება ასახონ, რომელიც
მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა.
"ყველაზე მთავარი ქუთაისისთვის იწყება, ეს არის მთავარი ფინანსური
დიკუმენტის განხილვა. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა: გარდა იმისა, რაც
პირდაპირ დღგ-ს და საშემოსავლოს ნაწილში აისახება ქალაქის ბიუჯეტში,
ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან ერთად, ჩვენ ველოდებით დამატებით
სახსრებს რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან.
ამავდროულად, მოგეხსენებათ, რომ როდესაც პრემიერი იმყოფებოდა
ქუთაისში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მან ღიად დააანონსა
დამატებით 40 მილიონი ლარის მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელიც
კონკრეტულ პროგრამებს მოხმარდება. ეს ეხება სხვადასხვა მიმართულებებს,
სოციალურ, ინფრასტრუქტურულ ნაწილს, მუნიციპალური სერვისების
გაუმჯობესებას და ა.შ. ამაზე გვექნება ღია მსჯელობა", -
განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
მისივე თქმით, ბიუჯეტირების ნაწილში აქტიურად ჩაერთვება საფინანსო
საბიუჯეტო კომისია, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭო.
"მერის მოადგილესთან ერთად გარკვეულ საკითხებზე უკვე ვიმსჯელეთ, მათ
შორის, იმაზე, თუ როგორ მოხდეს საკრებულოს და აღმასრულებელი
ნაწილის თანამშრომლობის ფორმატი, რათა უკეთ განვიხილოთ და უკეთ
დავგეგმოთ, თუ რა ფორმით წარვუდგენთ მოსახლეობას და როგორ იქნება
ასახული მოსახლეობიდან მიღებული უკუკავშირი ბიუჯეტის პროექტში",-
განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტები ასე იყო გადანაწილებული:
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები; ინფრასტრუქტურის
განვითარება; დასუფთავება და გარემოს დაცვა; განათლება; კულტურა,
ახალგაზრდობა და სპორტი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური
უზრუნველყოფა; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.
მიმდინარე წლის დამტკიცებული ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 115 მილიონ
510, 700 ლარს შეადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები