დღეს, 1-ელ ოქტომბერს, შუქრუთში მცხოვრებლები პარლამენტიდან ბიძინა
ივანიშვილის შუშის სასახლისკენ მსვლელობას გამართავენ.
საკანონმდებლო ორგანოს წინ, 19:00 საათზე, მათი სოლიდარობის მორიგი
აქცია გაიმართება, შემდეგ კი აქციის მონაწილეები "ოცნების" საპატიო
თავმჯდომარის სახლისკენ დაიძვრებიან, რათა კიდევ ერთხელ მოითხოვონ
პროცესებში ცენტრალური მთავრობის ჩართულობა.
შუქრუთელები 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და
კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” მათთვის მიყენებული ზიანის
სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ. უკვე 31-ე დღეა რამდენიმე ადამიანი
შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.
29 სექტემბერს, პარლამენტის წინ მოშიმშილე შუქრუთელებს ქალებიც
შეუერთდნენ. გუშინ, 30 სექტემბერს კი, პარლამენტის წინ მოშიმშილე
რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების
გამოძახება გახდა საჭირო.
შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ,
რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები
შეასრულოს. მთავრობის მეთაური ირაკლი
კობახიძე კი ამბობს, რომ მოლაპარაკებების
წარმოება კომპანის საქმეა, ამიტომ პროტესტის მონაწილეებს ახლა
მოქალაქეების მხარდაჭერის იმედი აქვთ.
მოსახლეობა ამბობს, რომ "ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული
სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები
და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა.
ამიტომ, კომპანიას ზიანის ადეკვატურ ანაზღაურებას სთხოვენ.
"ჯორჯიან მანგანეზში" კი ამბობენ, რომ ადამიანებს, რომელიც კომპანიას
მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და თანხები კერძო
საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში
ეტაპობრივად გაიცა. ამასთან, კომპანია, ნაცვლად პრობლემების
მოგვარებისა, სოფელ შუქრუთში მცხოვრებ იმ ადამიანებს
უჩივის, რომლებსაც კომპანიის საქმიანობის შედეგად
საცხოვრებელი სახლები ენგრევათ.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით,
ქუჩაში, 3 წლის წინაც
გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას
მიმართეს და პირიც ამოიკერეს.
მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220
დღიანი პროტესტის შემდეგ
შედგა.
"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო
კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის
კომპენსაციას მიიღებდა.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის
მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით
საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე)
ახდენს.
მასალის გამოყენების პირობები