ახალი ამბები
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია“ - ევროკავშირის ელჩი საქართველოში
FaceBook
„დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო", - აღნიშნა მედიასთან შეხვედრისას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰაჩინსკიმ.

ამის თქმის საფუძველი ევროკავშირის ელჩს მისცა იმ ვითარებამ, რაც დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩამოყალიბდა.

"სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია - ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) - 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024 წლისთვის. სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც", - აღნიშნა ელჩმა.

ჰაჩინსკის თქმით, ევროკავშირის ლიდერები თვეების განმავლობაში მკაფიო სიგნალებს გზავნიდნენ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიღებულია და ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ ახლა წუხილის დროა და არა ნიშნის მოგების.

პრეზიდენტის თქმით აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვაზე.

"ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე. პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილებები დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი - არაფრისთვის და არავისთვის საჭირო - რუსული კანონის უკან გაწვევა ან გაყინვა. და პირიქით სხვა არაფერი ისმის თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისა, რომ "მაინც" შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთნები თურმე "ორივე ქვეყნის სასარგებლოდ" ტარდებოდა …“

პრეზიდენტი მიუთითებს, რომ ეს ძალიან მძიმე გზავნილები საქართველოს ორი უახლოესი მეგობრისგან ყურადსაღებია.

"მართალია ეს პასუხია მმართველი პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის : ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ "არჩევანი თქვენია" ევროპულ, დაცული მომავლის მქონე და იზოლირებულ, რუსეთის ორბიტაზე გადასულ საქართველოს შორის. გვეუბნებიან, რომ ეს კანონი(ები) და ეს არა მეგობრული ქცევა თავსებადი არაა ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან. ან ან ! ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახევ კითხვას "რატომაა ეს კანონი რუსული?" რატომ? … და ამიტომ!!!"- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტი "ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს მეორედ დააინიცირა. 14 მაისს კი, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, მესამე, საბოლოო მოსმენით მაინც მიიღო.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის" სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და დღემდე ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

კანონპროექტი, 2023 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის შედეგად "ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ კანონს აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას, ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ
საქართველოში, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
10:51 / 22.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას, ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ საქართველოში, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
15:17 / 19.07.2024
"ჟღერადი სივრცე" - ასე ქვია ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლს, რომელიც პროექტ, "იცეკვე, იმოძრავე, იმოქმედე"-ს ფარგლებში შეიქმნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.