ახალი ამბები
"გუბერნსკის ციხის" ყოფილ შენობას დაანგრევენ - რა წერია ტერიტორიის განაშენიანების გეგმაში
FaceBook
ქუთაისში, „გუბერნსკის ციხის" ყოფილ შენობას დაანგრევენ და მის ადგილზე საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება. 


აღნიშნულის შესახებ იმ დოკუმენტში წერია, რომელიც „ქუთაისიპოსტმა“ მოიპოვა.



ასე წერია სსიპ-სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნაში, რომელიც ქუთაისის მერიის ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის მომართვის (მიმდინარე წლის 2 მაისს) საფუძველზე მოამზადა. თავის მხრივ, მერიის შესაბამის სამსახურს განცხადებით სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ, შპს "ზიარ არქიტექტურამ", ობიექტის მეპატრონის, ანუ დავით კოსტავას დაკვეთით მიმართა. ახლა ჯერი ქუთაისის საკრებულოზეა, რომელმაც ტერიტორიის განაშენიანების აღნიშნული დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს. 

დოკუმენტის მიხედვით, გ. ტაბიძის ქუჩაზე (N39ა-ს სამხრეთით მდებარე 9196 კვ.მ. ფართობის ტერიტორია) მდებარე მიწის ნაკვეთზე 6-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი უნდა მოეწყოს, მასთან არსებული კომერციული ფართებით.

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებობითი განვითარების სააგენტოს მიერ „გუბერნკის ციხის“ ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თვალსაზრისით მისაღებია. 


ასეთი უნდა იყოს საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც "გუბერნსკის ციხის" ადგილას უნდა აშენდეს


ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე "გუბერნსკის ციხის" სახელით ცნობილი შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. ქონების ეროვნულმა სააგენტომ ობიექტი გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს გაიტანა. საწყისი ფასი 3 490 000 ლარი იყო, თუმცა, მაშინ მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა. შემდეგ კი ქონება ქუთაისელმა ბიზნესმენმა, დავით კოსტავამ შეიძინა. კოსტავამ 9 196 კვ.მ ფართზე განთავსებულ შენობაში 1 750 000 ლარი გადაიხადა. ქუთაისის ბიუჯეტმა აქედან თანხის მხოლოდ 35% მიიღო, დანარჩენი კი ცენტრალურ ბიუჯეტს დარჩა.

###

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე "გუბერნსკის ციხეს" საინტერესო ისტორია უკავშირდება. ციხის ყოფილი ორსართულიანი შენობა მე–19 საუკუნეში აშენდა.

თავდაპირველად ობიექტი სხვა დანიშნულების იყო. თუ როდის გახდა სასჯელაღსრულების დაწესებულება, ზუსტი თარიღი უცნობია. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ შენობაში ციხემ ფუნქციონირება მე–20 საუკუნიდან დაიწყო, სადაც სასჯელს 1903 წელს იოსებ სტალინიც იხდიდა. 

"გუბერნსკის ციხის'' საპყრობილე 650 მსჯავრდებულზე იყო გათვლილი. რაც შეეხება სახელს, მასზე მაშინდელი რუსეთის იმპერიის გავლენა იგრძნობა, „გუბერნსკი“ - საგუბერნიო ციხეს ნიშნავს.

ციხემ ფუნქციონირება 2005 წელს შეწყვიტა. მაშინ როცა, ავტოქარხნის დასახლებაში N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება აშენდა.


ამავე თემაზე:


რატომ უნდა შევინარჩუნოთ და რისი სიმბოლოა "გუბერსკის ციხე" - ინტერვიუ დავით ხვადაგიანთან

მერიამ "გუბერნსკის ციხის" ყოფილი შენობის ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის შესამუშავებლად ნებართვა გასცა

"ახალმა მეპატრონემაც ვერ უშველა "- რა ბედი ელის "გუბერნსკის ციხის" ყოფილ შენობას

ქუთაისში "გუბერნსკის ციხის" ყოფილი შენობა გაიყიდა




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:17 / 19.07.2024
"ჟღერადი სივრცე" - ასე ქვია ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლს, რომელიც პროექტ, "იცეკვე, იმოძრავე, იმოქმედე"-ს ფარგლებში შეიქმნა.
12:50 / 19.07.2024
"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი ქუთაისში გააპროტესტეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.