ინტერვიუ
რატომ უნდა შევინარჩუნოთ და რისი სიმბოლოა "გუბერსკის ციხე" - ინტერვიუ დავით ხვადაგიანთან
FaceBook
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.

ცნობილია  მხოლოდ ის, რომ  ქუთაისის მერიაში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობის ტერიტორიის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე ნებართვა უკვე გასცეს. 

ასევე, ისიც გარკვეულია, რომ აღნიშნულ ადგილზე მრავალსართულიანი შენობა ვერ აშენდება.


თუმცა მრავალსართულიანი იქნება თუ ერთსართულიანი ყველა შემთხვევაში მეპატრონე ისტორიული შენობის დანგრევას გეგმავს და პრობლემა სწორედ აქ იჩენს თავს - ნადგურდება კულტურისა და ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ადგილი. 

საზოგადოების ნაწილი დაუშვებლად მიიჩნევს გუბერსკის ციხის შენობის დანგრევას და მიაჩნია, რომ გუბერსკის ციხე მუზეუმი უნდა გახდეს  და იქცეს კულტურის ცენტრად.

- რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გუბერნსკის ციხე შენარჩუნდეს ?

ამ კითხვით მივმართეთ ისტორიკოსს, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მეკვლევარ დავით ხვადაგიანს. 

- ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილე, რომელიც უფრო "გუბერსკის ციხის" სახელითაა ცნობილი. მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმით, რომ არის ძველი ქალაქური განაშენიანების ერთ-ერთი ნიმუში. გუბერკის ციხე არის  მე -19 საუკუნის ნაგებობა, რომელსაც დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. არა თუ დანგრევას და  დემონტაჟს უნდა დაექვემდებაროს, არამედ პირიქით, სახელმწიფო უნდა იცავდეს მას როგორც კულტურულ მემკვიდრეობას. 



მე-19 საუკუნის განაშენიანების ერთ-ერთი ნიმუში იყო ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ყოფილი შენობაც, რომელიც დაუდევრობით თუ შეგნებულად ფაქტია რომ განადგურდა. რეკონსტრუქცია როდესაც დაიწყეს, ფაქტობრივად, თავზე ჩამოენგრათ შენობა. მუზეუმი, როგორც ძველი განაშენიანების ნიმუში რეალურად აღარ არსებობს და ახლა მის მაგივრად იქნება არაავთენტური შენობა, ყალბი ფასადით. ახალ ნაგებობაში ავთენტური შენობის ფასადის დეტალებსაც კი აღარ იყენებენ. ახალი ქვით აპირკეთებენ. ასეთი მიდგომა არის დაუშვებელი და ამას კულტურული მემკვიდრეობის განადგურება ჰქვია.

იგივე მეორდება ქუთაისის საგუბერნიო ციხის შემთხვევაშიც. როდესაც ის, როგორც ისტორიული მემკვიდრეობა, გაქრება და განადგურდება. 

თუკი მუზეუმის შენობის შემთხვევაში საუბარი იყო რესტავრაციაზე, მაგრამ განადგურდა,  გუბერსკის ციხესთან დაკავშირებით რესტავრაციაზეც არავინ ლაპარაკობს. პირდაპირ დემონიზება მიდის შენობის, ამ პათოსით, რომ ის არის საშინელი ისტორიის მქონე, კარგი იქნება თუ განადგურდება და მის ადგილას რაღაც თანამედროვე კორპუსები აშენდება და ა.შ. ანუგეშებენ მოქალაქეებს, დაინტერესებულ პირებს, რომ შენობა არ იქნება მრავალსართულიანი. არადა ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ შემთხვევაში.  ეს არის საზოგადოების დეზორიენტაციის მცდელობა. რადგან სართულების რაოდენობაში არაა საქმე, საქმეა იმაში, რომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი ნადგურდება. 

თანაც ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ცალკეული დაუდევრობის შედეგი, არამედ  ეს არის პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება. შესაბამისად, მარტო ქუთაისის მაგალითზე გვაქვს სამი სავალალო შემთხვევა: "გუბენსკის ციხე";  მუზეუმის ყოფილი შენობა და "ოქროს ჩარდახი",  რომლის ბედი დღემდე გაურკვეველია რა არის და როგორ ხდება მისი რესტავრაცია.

"გუბერსკის ციხის" შემთხვევაში მნიშვნელოვანი და აუცილებელია, პირველ რიგში, რომ შენარჩუნდეს  ძეგლი და მას მიეცეს თანამედროვე დატვირთვა. გადაიქცეს ან სახელოვნებო სივრცედ ან კერძო სივრცედ, იმ პირობით, რომ მისი ავთენტურობა შენარჩუნებული იქნება. იგი ძალიან მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ ადგილად შეიძლება გადაიქცეს ქუთაისში, რომელსაც ძალიან მძიმე  მდგომარეობა აქვს ამ მხრივ. "გუბერსკის ციხე" მნიშვნელოვანი კულტურულ ცენტრი შეიძლება გამხდარიყო მსგავსი მაგალითები არის საქართველოში საბედნიეროდ. როდესაც ძველ შენობებს ახალი სიცოცხლე მიეცათ და ამის კარგი შედეგი თვალნათლივ გამოჩნდა. 

- რისი სიმბოლოა ეს ციხე? რას გვახსენებს ? რომელი ისტორიული მოვლენები უკავშირდება?

- ციხეს მნიშვნელოვანი ისტორიული წარსული აქვს.  მიუხედავად იმისა, რომ ამ ციხის დემონიზება ხდება გარკვეული დაინტერესებული პირებისგან სახელისუფლო ეშელონებიდან, ადგილობრივი ხელისუფლებიდან თუ კერძო სექტორიდან, რომელთაც ბიზნეს ინტერესები აქვთ და ამისთვის სჭირდებათ ციხის შენობების დემონტაჟი. მიუხედავად ამისა, რეალურ ისტორიას თუ შევხედავთ ამ შენობას უკავშირდება საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის ძალიან საგულისხმო ეპიზოდები. თუმცა ამაზე აპელირება, რომ ეს ციხე ასახავს მძიმე წარსულს და ამის გამო უნდა განადგურდეს არის ძალიან მცდარი წარმოდგენა, ეს არის დაუშვებელი.


ამ ციხეს უკავშირდება მეფის რუსეთის დროინდელ მოვლენები, რომლებიც შემორჩენილია ლიტერატურაშიც პოეზიაშიც და ა.შ. მაგალითად, ლეო ქიაჩელის  რომანი "სისხლი" ციხიდან გაქცევის ეპიზოდს ასახავს, რაც სიკვდილმისჯილი პოლიტპატიმრების გაქცევა ზაქარია გურულის ხელმძღვანელობით მოეწყო. გათხარეს გვირაბი დ ა მიაღწიეს ციხის გვერდითა შენობამდე. დღეს ამ შენობასაც  რამდენიმე სართული დააშენეს და პირვანდელი სახე დაუკარგეს. არადა საინტერესო ისტორიული სახლი იყო. ციხიდან გაქცევის ამ ეპიზოდს უკავშირდება გალაკტიონის ლექსი "მე და ღამე" . იგი თავის მოგონებებში აღნიშნავს რომ გაქცევის პროცესში ჩართული იყო და  ამასთან დაკავშირებით დაწერა ეს ლექსი.

აქ არის  სტალინის ცნობილი საკანი. რაც ასევე მნიშვნელოვანს ხდის ამ სივრცეს სტალინური მემკვიდრეობის შესწავლის და ისტორიული მეხსიერების კუთხით.

"გუბერსკის ციხეზე" ასევე ძალიან საინტერესო მოგონებები აქვს თედო სახოკიას. რომელიც 1905 წლის რევოლუციის შემდეგ იყო დაპატიმრებული და მერე ციმბირში გადაასახლეს. 

ამ ციხეს უკავშირდება 1918-21 წლებში მნიშვნელოვანი  ისტორიული მოვლენები.  მაშინაც საგუბერნიო ციხე იყო, რომელშიც ასობით ბოლშევიკი იმყოფებოდა, ისინი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დააპატიმრა ანტრისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის. ამ ეპიზოდთან არის ბევრი დოკუმენტური და ზეპირი მეხსიერება  დაკავშირებული. 



სულ სხვა დონეზე შეიძლება ჩატარდეს ოკუპაციის შემდეგი პერიოდის კვლევაც: გუბერსკის ციხეს  საოკუპაციო ხელისუფლებამ გამასწორებელი სახლი დაარქვა. საპყრობილეს არ უწოდებდა რამდენად ცინიკურიც არ უნდა იყოს ეს.

გასული საუკუნის 20,  30, 40- იან და უფრო გვიანდელ კრიმინალურ სამყაროსთან დაკაშირებული ეპიზოდები ჯერ კიდევ გამოსაკვლევი საკითხებია.

მეტეხის ციხეზე, რომელიც დაანგრიეს, სპეციალისტები დღეს დანანებით ხშირად საუბრობენ თუ რამდენად საინტერესო იქნებოდა იგი ტურისტული თვალსაზრისით. არადა გუბერსკის ციხე სწორედ ასეთი ძეგლია. მას გაფრთხილება სჭირდება როგორც ისტორიული მეხსიერების ერთ-ერთ ადგილს. 

- გუბერსკის ციხის  და ზოგადად იმ ეპოქის ისტორიის კვლევის მნიშვნელობას რატომ არ იაზრებს, ხელისუფლება და ციხის დანგრევას უშვებს?

- ნორმალურ პირობებბში სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს რომ  შეინარჩუნოს,  თუკი ამის საშუალება არა აქვს კერძო სექტორს გადაეცეს იმ პირობით, რომ მისი ავთენტურობა ხელშეუხებელი იქნება. ძალიან სამწუხაროა ამ ძეგლის ბედი რაც მას ელის. იმედი მაქვს საზოგადოება უფრო ყურადღებით მოეკიდება ამ საკითხს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.
ბოლშევიკური, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული
რესპუბლიკის ოკუპაციიდან 102 წელი გავიდა.
14:42 / 25.02.2023
ბოლშევიკური, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციიდან 102 წელი გავიდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.