ახალი ამბები
"ნუ გვატყუებთ, ეს კანონი არ არის ევროპული!"- ქუთაისში რუსული კანონი გააპროტესტეს
FaceBook
ქუთაისში, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა "ოცნების" მიერ ინიცირებული "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, იგივე რუსული კანონი გააპროტესტეს.

მათ ცენტრალურ მოედანზე ბანერები მიიტანეს, წარწერით: "არა რუსულ კანონს! კი ევროპას", "ნუ გვატყუებთ, ეს კანონი არ არის ევროპული";  "რუსული კანონით გაქრება შენი და ჩვენი თავისუფლება". 

აქციის მონაწილეების თქმით, ეს კანონი გვაშორებს ევროპას და გვაახლოვებს რუსეთს, ამიტომ მისი მიღება დაუშვებელია. 

"ჯერ ერთი, ვაპროტესტებთ იმიტომ, რომ გვითხრეს, აღარ შემოიტანდნენ და შემოიტანეს - ეს არის სიტყვის გატეხვა. მეორე - ეს არის რუსული კანონი, რომელიც გვაშორებს ევროპას და გვახუტებს რუსეთს. დღევანდელი რუსეთი განადგურებია  ენჯეოსექტორისგან, ქვეყნიდან გაქცეული დამოუკიდებელი ჟურნალისტებისგან. პუნქტობრივად მაქვს შესწავლილი ეს კანონი და ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ შეურაცხმყოფელიც არის იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ევალებათ წელიწადში ორჯერ, საკუთარ თავს თავად დაარქვან უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი. არ მესმის ვის სჭირდება ეს, თუმცა დღეს, ჩვენს აქცია-პერფომანსზე იყო ერთი ადამიანი, ვისაც მოსწონდა ეს კანონი და ეს იყო ვლადიმერ პუტინი",- განმარტავს ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე. 



აქციაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც წლებია ეხმარებიან მოქალაქეებს. მათი განმარტებით, ამ კანონის მიღება დაუცველს დატოვებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ქალებს, შშმ პირებს, ახალგაზრდებს და სხვას. 

"ამ კანონით ყველა ორგანიზაციას გვექმნება იმის საფრთხე, რომ ვეღარ ვავაგრძელებთ ფუნქციონირებას, ვეღარ დავეხმარებით მოქალაქეებს, ვეღარ ვილაპარაკებთ ხმამაღლა იმ კორუფციულ გარიგებებზე, რაზეც აქამდე ვწერდით და ვეღარ მოვახდენთ იმ საკითხების ადვოკატირებას, რასაც აქამდე ვაკეთებდით და ვცდილობდით დავხმარებოდით მოსახლეობას წვრილი თუ მსხვილი ინფრასტრუქტურული საკითხების გადაწყვეტაში“, - განმარტავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ლელა მოწონელიძე. 

საიას" ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის, დარინე სალდაძის განცხადებით კი, ეს კანონი მიმართულია არა მხოლოდ მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

"აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში საფრთხის ქვეშ ექცევა საქართველოს თითოეული მოქალაქე. ვთვლით, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის "საიას" და ჩვენს მსგავს არასამთავრობო ორგანიზაციებს. "საია" არის ორგანიზაცია, რომელსაც დაარსების დღიდან მილიონ 300 000-მდე მოქალაქისთვის აქვს გაწეული უფასო სამართლებრივი დახმარება. ვეხმარებით სხვადასხვა მოწყვლად კატეგორიას საქართველოში: შშმ პირებს, ქალებს, რომლებიც არიან ოჯახში ძალდობის მსხვერპლი, დევნილებს და ა.შ. ცხადია, მსგავსი ორგანიზიების არსებობა ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი და სახელმწიფო საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მსგავსი კანონის მიღების მცდელობით“,- განმარტავს დარინე სალდაძე.

"რუსული კანონის" წინააღმდეგ მიმართული მომდევნო აქცია ქუთაისში, 15 აპრილს, გაიმართება. ამ დღეს "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონს იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად "ჩაგდებული" პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პირველად, გასულ წელს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების ჯგუფის, „ხალხის ძალის“, მიერ დარეგისტრირდა. მას პირველ მოსმენაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ამიტომ მთავრობას მისი უკან გაწვევა მოუწია.

ამასთანავე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ კანონპროექტს უკან აღარ დააბრუნებდნენ, თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ ხელმეორედ მაინც დააინიციირეს.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.