ახალი ამბები
ერთთვიანი პროტესტი შუქრუთში და არანაირი გამოხმაურება ხელისუფლებიდან
FaceBook
ერთთვიანი უწყვეტი აქციების, კარვის დადგმისა და საწარმოების პარალიზების მიუხედავად, შუქრუთში მაცხოვრებლებმა ვერც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების და ვერც სახალხო დამცველის ყურადღება მიიქციეს.

ადგილობრივები ზუსტად 30-ე დღეა, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მათი სახლების ქვეშ, მიწის სიღრმეში, მადნის მოპოვების სამუშაოებს აპროტესტებენ, რის გამოც საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი მიწები დაბზარულია. ამიტომ, ათეულობით ოჯახი კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას სთხოვს.

შუქრუთში მცხოვრებლების თქმით, მთელი სოფელი ყოველ ღამე იმის შიშით იძინებს, რომ დილით მიწის ქვეშ შეიძლება გაიღვიძონ. ისინი პროცესში სახელმწიფოს ჩართვას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

„ერთი თვე გავიდა და არანაირი სიახლე არაა, ვაგრძელებთ კარავში ცხოვრებას და საპროტესტო აქციას. არავინ არსაიდან არ დაგვკავშირებია, არც მთავრობიდან, არც სახალხო დამცველის აპარატიდან, არც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან, კომუნიკაციაზეც კი არ გამოსულან. ყველა ინფორმირებულია, თუმცა ჩვენი გასაჭირით არავინ დაინტერესებულა“,- განმარტავს ადგილობრივი გიორგი ნეფარიძე.

მისი თქმით, ხელისუფლება იმის მაგივრად, რომ თავიანთი მოქალაქეების უფლებებს იცავდეს, „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად მოქმედებს.

„სოფელს ძირი გამოაცალეს. იმის შიშით როდემდე უნდა იცხოვროს ადამიანმა, როდის ჩაინგრევა და დილით გაიღვიძებს თუ არა. ჩვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება საქმე. ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ჩვენც გაგვაჩნია საკუთრებისა და მშვიდ გარემოში ცხოვრების უფლება და ამას გვართმევს კომპანია. შესაბამისი უწყებები კი ამის აღსაკვეთად არაფერს აკეთებენ. პირიქით, სინქრონში მოქმედებენ კომპანიასთან ერთად“,- ამბობს გიორგი ნეფარიძე.

მისივე თქმით, პროტესტი მანამ გაგრძელდება და შუქრუთში არსებული ყველა საწარმო გაჩერებული მანამ იქნება, სანამ კომპანიასთან ოფიციალური ხელშეკრულება არ გაფორმდება, რომლის გარანტორიც სახელმწიფო იქნება.

ერთთვიანი პროტესტის მიუხედავად, რატომ არავინ დაინტერესდა შუქრუთში მიმდინარე მოვლენებით, ამაზე შესაბამისი უწყებებისგან პასუხის მიღება ვცადეთ.

პრესსამსახურებში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ პროტესტის შესახებ ინფორმირებულები არიან, თუმცა, შეხვდებიან თუ არა მთავრობის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს, ამაზე კონკრეტული პასუხი არ გაგვცეს. მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატში განმარტეს, რომ შუქრუთში მიმდინარე პროცესებს თვალყურს ადევნებენ და თუ გამოიკვეთება მათი ჩართვის საჭიროება, ჩაერთვებიან. თუმცა, რას ნიშნავს "ჩართვის საჭიროება", არც ეს დაუზუსტებიათ.

რაც შეეხება კომპანიის პოზიციას, ოფიციალური კომენტარი „ჯორჯიან მანგანეზმა“ პროტესტის მეორე დღეს გაავრცელა. მათი განცხადებით, ადამიანებს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ქუჩაში, 3 წლის წინაც გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირიც ამოიკერეს.

მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220 დღიანი პროტესტის შემდეგ შედგა.

"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.


ამავე თემაზე:

პროტესტის 27-ე დღე შუქრუთი - სოლიდარობის ნიშნად ყველა მაღარო გაჩერებულია

23-ე დღეა შუქრუთში მოსახლეობა ღამეს კარავში ათევს, ხელისუფლება მათ უყურადღებოდ ტოვებს

სოფელ შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი მე-11 დღეა გრძელდება

"არ გვინდა, სოფელი დაგვენგრეს და ჩავარდეს მიწაში"- პროტესტის მე-7 დღე ჭიათურაში


პროტესტის მეორე დღე - რა ხდება სოფელ შუქრუთში

"იძულებული გაგვხადა „ჯორჯიან მანგანეზმა“ გამოვსულიყავით გარეთ"- პროტესტი სოფელ შუქრუთში
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.