ახალი ამბები
23-ე დღეა შუქრუთში მოსახლეობა ღამეს კარავში ათევს, ხელისუფლება მათ უყურადღებოდ ტოვებს
FaceBook
სამ კვირაზე მეტია, შუქრუთის მოსახლეობა კოროხნალის მაღაროსთან უწყვეტ აქციას მართავს და კარავში ღამეებს ათევს, თუმცა საკითხით ხელისუფლება ამ დრომდე არ დაინტერესებულა.
ადგილზე არც ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ჩასულან, არც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული და არც სახალხო დამცველი. 

პრესსამსახურებში მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ პროტესტის შესახებ ინფორმირებულები არიან, თუმცა, შეხვდებიან თუ არა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს, ამაზე კონკრეტული პასუხი არ გაგვცეს, რაც გვაფიქრებინებს, რომ მოსახლეობის პრობლემებით შემდეგშიც აღარ დაინტერესდებიან. 

კონკრეტული პასუხი მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატში გვითხრეს, სადაც აღნიშნეს, რომ შუქრუთში მიმდინარე პროცესებს თვალყურს ადევნებენ და თუ გამოიკვეთება მათი ჩართვის საჭიროება, ჩაერთვებიან. თუმცა, არც ომბუდსმენის აპარტში დაუზუსტებიათ, რას ნიშნავს "ჩართვის საჭიროება".

შუქრუთის მოსახლეობა კი უკვე 23-ე დღეა, სახელმწიფოსგან ყურადღებას და რეაგირებას ითხოვენ, მანამდე კი პროტესტის ნიშნად ღამეს კარავში ათევენ. 



"მოგვიდგეს სახელმწიფო კანონის შესაბამისად, რათა უსაფრთხო გარემოში გავაგრძელოთ ცხოვრება. მადნის მოპოვების შედეგად გამოწვეული მდგომარეობა იძულებულს გვხდის, ჩვენივე სახლები დავტოვოთ. ჩვენს ქვეყანაში ვხდებით კომპანიის მხრიდან ლტოლვილები, ამიტომ გვინდა, პროცესებში სახელმწიფო იყოს ჩართული, მაგრამ ის ყველანაირად გვაიგნორებს“,- განმარტავს სოფელ შუქრუთის მკვიდრი გიორგი ნეფარიძე.

ადგილობრივების თქმით, მთელი სოფელი ყოველ ღამე იმის შიშით იძინებს, რომ დილით მიწის ქვეშ შეიძლება გაიღვიძონ.

ისინი „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მათი სახლების ქვეშ, მიწის სიღრმეში, მადნის მოპოვების სამუშაოებს აპროტესტებენ, რის გამოც საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი მიწები დაბზარულია. ამიტომ, ათეულობით ოჯახი კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას სთხოვს.

„წლების განმავლობაში მოპოვებითი სამუშაოების გამო სახლები გვენგრევა თავზე. მთელი სოფელი დგას კატასტროფის წინაშე. დგას საფრთხე, რომ რა ტრაგედიაც მოხდა ითხვისში, იგივე განმეორდეს აქაც. ყოველ დღე შიშით ვიძინებთ და უკვე მეხუთე წელია, ბრძოლა გვიწევს ამ უსამართლობის წინააღმდეგ. „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კანონი არ არსებობს ამ ქვეყანაში. როგორც უნდა ისე მოიპოვებს მადანს დასახლებულ პუნქტში, ღია კარიერული წესითაც და მიწისქვეშა სამუშაოებითაც და ამაზე რეაგირება არავის აქვს“, - განმარტავს ადგილობრივი გიორგი ნეფარიძე.


დამსკდარი მიწის ნაკვეთები შუქრუთში


ნახევრადჩამონგრეული სახლი შუქრუთში

"ჯორჯიან მანგანეზში" კი აცხადებენ, რომ
ადამიანებს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ქუჩაში, 3 წლის წინაც გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირიც ამოიკერეს.

მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220 დღიანი პროტესტის შემდეგ შედგა.

"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.


ამავე თემაზე:

სოფელ შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი მე-11 დღეა გრძელდება

"არ გვინდა, სოფელი დაგვენგრეს და ჩავარდეს მიწაში"- პროტესტის მე-7 დღე ჭიათურაში

პროტესტის მეორე დღე - რა ხდება სოფელ შუქრუთში


"იძულებული გაგვხადა „ჯორჯიან მანგანეზმა“ გამოვსულიყავით გარეთ"- პროტესტი სოფელ შუქრუთში


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.