ახალი ამბები
გელათის ტაძარში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები იწყება
FaceBook
გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები იწყება.
სამონასტრო კომპლექსში დილიდან იტალიელი, ინგლისელი და გერმანელი სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებმაც ჟურნალისტებს მოკვლევის პირველადი დასკვნა გააცნეს.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, არქიმანდრიტი კირიონის თქმით, გამოვლენილია 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაციაც განხორციელდება.

„სპეციალისტები იწყებენ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას, რაც ძალიან კარგი ამბავია, რადგან კედელი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ მხატვრობასთან მუშაობა შევძლოთ. დღეს მოხდება მასალების პირველი დატესტვები და სამუშაოების ჩატარება კრიტიკულ კერებზე“,- აღნიშნა არქიმანდრიტმა კირიონმა.

„მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, იმიტომ რომ არის ნესტი, არის მარილების მიგრაცია, ამიტომ, ამას ყველაფერს წინ უნდა უძღვოდეს დაკვირვება. რის საშუალებასაც მოგვცემს ეს ფერწერა, იმისდა მიხედვით დაიგეგმება გადაუდებელი სამუშაოები. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ძალიან პროფესიონალურად და დიდი სიფრთხილით“,- განმარტა ფერწერის კონსერვატორმა სტივენ რიკერბმა.

სამუშაოების პარალელურად, იტალიელი სპეციალისტი რობერტო ნარდი მოზაიკას შეისწავლის, დიაგნოსტიკის შემდეგ კი მოზაიკის საკონსერვაციო სამუშაოებიც დაიწყება.

"გელათის მოზაიკა თავის თავზე თვითონ ლაპარაკობს, თავისი მშვენიერებით და მნიშვნელობით. გვაქვს ქვემოთ დანაკარგები, ვგულისხმობ ფერწერულ ნაწილს, მაგრამ, საბოლოო ჯამში,  მდგომარეობა არის დიდი იმედის მომცემი. გელათის დროის საზომი არის საუკუნეები, ამიტომ მთავარია რომ არ ვიჩქაროთ. დიდი დაკვირვება სჭირდება და არა გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. მინიმუმ ერთი წელი იქნება დაკვირვების და სწავლის",- აღნიშნა რომის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორმა რობერტო ნარდიმ.

სპეციალისტების თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმაზე საუბარი, დაზიანებული მხატვრობიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხდება.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია, რაზეც მიმუშავია, მსოფლიოში გამორჩეული თავისი სიდიადით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დიაგნოსტიკის სამუშაოები, ფიზიკურ ჩარევამდე განსახორციელებელი. ამიტომაც, ზუსტად იმის თქმა, რა გადარჩება და რა - ვერა, პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთი შეხედვით, მოზაიკის დაზიანების მასშტაბები თითქოს უფრო ნაკლებია, ვიდრე კედლის მხატვრობის, მაგრამ, დაზუსტებით არც ამას ვამბობთ, რომელი შეიძლება გადარჩეს მეტად და ნაკლებად“,- განმარტა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მდივნმა და საქსპანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორმა გერჰარდ ვოლფმა.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ეროვნული-სამეცნიერო საბჭოს მდივნის დავით ლორთქიფანიძის თქმით, მონასტრის ტერიტორიაზე მოეწყო სამეცნიერო საველე ლაბორატორიები, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები იმუშავებენ. მისივე განმარტებით, ყველა სამუშაო, რომელიც გელათში ჩატარდება, დეტალური სამეცნიერო კვლევის შედეგად არის დაგეგმილი.

"ჩვენმა უცხოელმა სპეციალისტებმა განსაზღვრეს ყველა პრობლემური წერტილი და შეძლებისდაგვარად ხდება აღდგენა. შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ყველაფრის აღდგენა, რადგან ეს პრობლემები ერთი კვირის და ერთი წლის არ არის, დიდი ხნის არის, მაგრამ მთავარია ერთიანობა და სამეცნიერო ხედვა. ნახავთ, ძალიან მალე, რომ პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება. ყველა ჩვენგანს გვაწუხებს გელათი და ვიცით, რომ არა მარტო გადარჩება, არამედ აქ მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება",- განმარტა დავით ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, დროებითი გადახურვის თავზე დამატებითი გადახურვა მოეწყობა.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურულის სამინისტროსგან 2023 წლის 7 აპრილს გადაიბარა. 




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.