ახალი ამბები
"ირანის სახელმწიფოს ქართველებიც ქმნიდნენ" –ირანის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისში
FaceBook
ვიზიტის ფარგლებში მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სააკაძეები, უნდილაძეები, ბაგრატიონები –ეს გვარები განუყრელად უკავშირდება ირანის ისლამური სახელმწიფოს ისტორიას. ქართველები ირანში ქმნიდნენ საბრძოლო ხელოვნებას, წვრთნიდნენ და მეთაურობდნენ ასიათასინ ჯარს და ბუნებრივად ერწყმოდნენ მეზობელი სახელმწიფოს კულტურას.

ირანის ისლამური სახელმწიფოს შექმნაში ქართველების უდიდესი წვლილი კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. სწორედ ამ ფაქტებზე ისაუბრა ისტორიკოსმა სულხან კუპრაშვილმა ქუთაისში ირანის საელჩოს წარმომადგენელთა ვიზიტის დროს.

მომხსენებლის თქმით, ირან–საქართველოს ურთიერთობას ორიათასწლოვანი ისტორია აქვს. ქართველები ირანის სამეფო კარზე ჯერ კიდევ აქემენიანთა იმპერიის დროს ფლობდნენ მართვის სადავეებს.

ირანული კულტურის გავლენა კი ქართულ წყაროებში ლეონტი მროველის დროს ჩნდება. იგი იყო პირველი, ვინც სპარსული კულტურა ახსენა მეფე ფარნავაზის რეზიდენციის აღწერისას. მოგვიანებით, მეთორმეტე საუკუნეში, თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ–არსლანმა მოინდომა სპარსული წეს–წყობილების საქართველოში გადმოტანა. იმავე საუკუნის მოღვაწის შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" ფრაზა "ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები" კი ცალსახა დასტურია ქართულ–ირანული კულტურის სიახლოვის.

"მცდარია შეხედულება, თითქოს ქართველები ირანში მხოლოდ მამლუქები იყვნენ და საბრძოლო უნარის გარდა მათი სხვა შესაძლებლობების გამოყენება არ ხდებოდა. სინამდვილეში ისინი იყვნენ კარგი მხატვრები და ბევრი სხვა მიმართულებით ნოვატორები",–ამბობს სულხან კუპრაშვილი.

თუმცა, ქართველებს არც მხოლოდ კულტურული ურთიერთობებით დაუმახსოვრებიათ თავი სპარსელებისთვის.

"მთელი ირანი მე მემორჩილება, ხოლო, მე ალავერდი–ხანს ვემორჩილები",–ამბობდა შაჰ–აბასი და მისი ეს ფრაზა საუკეთესოდ ასახავდა ირანის სახელმწიფოში ქართველების პრივილეგირებულ მდგომარეობას.

ეს ის ალავერდი–ხანია, ვინც ირანის ჯარი 4 ტიპად დაყო და ძლიერ, ორგანიზებულ არმიად აქცია. მადლობის ნიშნად სპარსელებმა ქართველ სარდალს ირანში რამდენიმე ძეგლიც კი დაუდგეს.

ქართველებმა პოპულარობის ზენიტს ირანის სახელმწიფოში მე–17–ე საუკუნეში მიაღწიეს. ისმაილ პირველის შაჰობის დროს ირანს 9 ათასიანი ჯარი ყავდა და მათგან 7 ათასი ქართველი იყო. ჯარის სარდალთა უმრავლესობასაც ქართველები წარმოადგენდნენ.

ირანულ–ქართულ მრავალწლიან და მრავალმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა ირანის საელჩოს წარმომადგენელთა მასპინძელმა, საკრებულოს დეპუტატმა ირმა პეტრიაშვილმაც. მისი თქმით, კონკრეტულ ისტორიულ მომენტში არსებულმა კონფლიქტებმა, რაც მრავლად იყო ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში, გავლენა ვერ მოახდინა უფრო მთავარზე –განსხვავბეული კულტურების შერწყმასა და მათ დაახლოებაზე.

"წლებისა და საუკუნეების განმავლობაში როგორი მწვავეც არ უნდა ყოფილიყო ჩვენი კონფლიქტები, ამის მიუხედავად ჩვენი კულტურული ურთიერთობები მაინც ღრმავდებოდა და ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია დღეს",–მიიჩნევს ირმა პეტრიაშვილი, რისი დასტურიც მისი თქმით, ირანელთა ქუთაისში ვიზიტია.

ვიზიტის დასასრულს მხარეებს შორის კულტურული, ეკონომიკური, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.