ახალი ამბები
ამორტიზებულ საცხოვრისში შესახლებულ მრავალშვილიან ოჯახს ფულადი დახმარება შეუჩერეს
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას სოციალურ საცხოვრისში შესახლებულ მრავალშვილიან ოჯახს სოციალურმა მომსახურების სააგენტომ საარსებო შემწეობა მოუხსნა, შედეგად  "მადლიერების სახლმა"  საკვების გაცემა შეუწყვიტა. 
ნემსიწვერიძეების ოჯახის სარეიტინგო ქულა ამ დროისთვის  132 160-ს შეადგენს. ფულადი დახმარების მისაღებად კი, 16 წლამდე ბავშვებისთვის 120 ათას ქულამდეა საჭირო. მომატებული სარეიტინგო ქულის მიზეზად სოციალურ სააგენტოში ოჯახის ერთ-ერთი წევრის სახელზე გაფორმებული ავტომობილი დაასახელეს, თუმცა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მანქანა მათ არ ეკუთვნით. 

"ჩემმა შვილმა მეგობრის მანქანა გაიფორმა. ავტომობილი ლომბარდშია, მეგობარს ვერ გამოჰყავს, რომ მან გადაიფორმოს და ამიტომ მაღალი ქულა გვაქვს და დახმარებას ვეღარ ვიღებთ. დეკემბრიდან სოციალური შემწეობის გარეშე ვართ,’’ - ამბობს მირანდა ნემსიწვერიძე. 

ნემსიწვერიძეების ოჯახში 10 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 4 არასრულწლოვანია. 10-სულიანი ოჯახი იძულებულია სამ მცირე ზომის ოთახში მოთავსდეს, რაც უხერხულობას და დისკომფორტს უქმნით, თუმცა სხვა გზა არ აქვთ. ცხოვრობენ ამორტიზებულ შენობაში, სადაც კედლები დაბზარული, შენობა კი მუდამ ნესტიანია. წვიმის დროს დერეფანში წყალი დგება. სტიქიის შედეგად კი, რამდენიმე თვის წინ შენობაში ჭერიც ჩამოინგრა, თუმცა როგორც ჩანს, ამ პირობებში ცხოვრება, სარეიტინგო ქულაზე (რაც სოციალურ დახმარებას განსაზღვრავს) არ აისახება.

ნემსიწვერიძეები ახლა ოჯახის ერთადერთი წევრის იმედად არიან, რომელიც დროგამოშვებით მუშაობს.

''ჩემი ქმარი ხელოსანია, თუმცა ზოგჯერ კვირები ისე გადის, რომ სამუშაო არ აქვს. ამის გამო ვალებს ვიღებ. ახლა მაღაზიაში 350 ლარი მაქვს ნისია და არ ვიცი როგორ გადავიხდი. 2 ბავშვზე ჯამში 60 ლარი დამრჩა დახმარება ანუ ჩვენი სტაბილური შემოსავალი მხოლოდ 60 ლარია. ეს ფული ათმა კაცმა როგორ ვიმყოფინოთ?", - ამბობს მირანდა ნესმიწვერიძე.


მირანდასა და მისი ოჯახის მთავარი საკვები კვირების განმავლობაში წიწიბურა და ეკალაა. მირანდა ამბობს, რომ აქვთ ისეთი დღეებიც, როცა მთლად ულუკმაპუროდ რჩებიან.

"ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა ბავშვებისთვის საჭმელიც არ გვქონია. "მადლიერების სახლიდან" რომ გამოგვიშვეს, ახლა რას ვიზამთ აღარ ვიცი. ის საკვები 10 კაცს მაინც არ გვყოფნიდა. ცალკე ბანკებში მაქვს ვალები, ცალკე - კომუნალურები გადასახდელი. ჩემნაირ გაჭირვებულს როგორ უნდა მოუსხნა დახმარება?", -ამბობს მირანდა ნემსიწვერიძე.

სოციალურ მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, რომ ოჯახის გადამოწმების საფუძველი შესაძლოა, ოჯახის წევრის სახელზე გაფორმებული მანქანაც იყოს (როგორც ეს ნემსიწვერიძეების შემთხვევაში მოხდა), რაც სარეიტინგო ქულის დადგენაზე გავლენას მოახდენს. 

"რა თქმა უნდა, მანქანის გაფორმება ქულაზე აისახება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, თუ მანქანა შეიძინა, სოციალური მოესხნება. უბრალოდ, ქულაზე მოახდენს გავლენას. გვაქვს ქულის დათვლის მეთოდოლოგია და ცალკე ფორმულა თავის ცვლადებით. ოჯახებისთვის დასმული კითხვების საფუძველზე დგინდება სარეიტინგო ქულა,’’- ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ბიუროს უფროსი ნინო ჭიღლაძე.

სოციალური შემწეობის მისაღებად 16 წლამდე პირზე საჭიროა 120 ათასამდე ქულა, ხოლო 16 წელს ზევით მყოფ პირზე 65 ათასამდე ქულა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.