ახალი ამბები
სასამართლოს გადაწყვეტილებამდე განხორციელებული დემონტაჟი - "სავანე" დაანგრიეს
FaceBook
ასე გამოიყურება ქუთაისში ადგილი, სადაც ათეული წლების განმავლობაში ქუთაისელებისთვის საყვარელი სანაყინე ,,სავანე’’ მდებარეობდა.
ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, 27 დეკემბერს, ქუთაისის მერიამ შენობა ისე დაანგრია, რომ არ დაელოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის პროცესიც მომავალ წელს, 1 თებერვალს არის ჩანიშნული.

კვების ობიექტის   დემონტაჟის ნებართვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ გასცა, მანვე გამოიტანა დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება, რომელიც ,,სავანეს’’ მეპატრონეებმა გაასაჩივრეს. თუმცა,  ქუთაისის მერიის წარმომადგენლის, ავთანდილ ბუცხრიკიძის თქმით, გასაჩივრება აღსრულებას ხელს არ უშლის, ამიტომაც, მისი თქმით,  კაფის დემონტაჟი სამართლიანად განხორციელდა.

ობიექტის ყოფილი მფლობელები და მათი უფლებადამცველები კი თვლიან, რომ კერძო საკუთრება უკანონოდ დაინგრა.

"ბოლო წუთამდე დაუჯერებელი იყო, რომ ეს შედეგი დადგებოდა. ქალაქში ევროკავშირის დროშები გვაქვს გამოფენილი, რითაც ძალიან ვამაყობთ და ამ დროს საკუთრების უფლებას ფეხვეშ ვთელავთ. წარმოუდგენელი ამბავია არ დაელოდო სასამართლოს ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებას და ისე დაანგრიო ობიექტი. სააპელაციო სასამართლოში 1 თებერვალს არის ჩანიშნული პროცესი, მაგრამ რა აზრი აქვს რომ ჩატარდეს?! ალბათ, დადგება დღე და გამოიკვლევენ რა კორუფციულ სქემასთან გვქონდა საქმე. რის გამო მოხდა, რომ ამ წელს უნდა დანგრეულიყო კაფე და სად გააქრეს მილიონები, რომელიც ამ ბაღის რეკონსტრუქციისთვის გამოიყო,’’ -ამბობს ,,სავანეს’’ უფლებადამცველი ლელა ბანძელაძე.


აღსანიშნავია ისიც, რომ ყოფილი სანაყინის მფლობელები მგფ-ს, რომელმაც ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქციაზე ტენდერი გამოაცხადა, კორუფციაში ადანაშაულებენ. ძმები ტურაბელიძეები თვლიან, რომ ბაღის რეკონსტრუქციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მერია ,,სავანეს’’ დანგრევას ითხოვდა, აშკარა კორუფციის ნიშნებს შეიცავს და საქმე უნდა გამოიძიონ.

დემონტაჟის პროცესში ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აღსრულების პოლიციამ კაფეში შესვლა ძალის გამოყენებით შეძლო. დემონტაჟის პარალელურად გამართულ აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ერთი ადამიანი დააკავეს. მანამდე კი შეუძლოდ გახდა კაფის ერთ-ერთი მეპატრონე. 

ასევე, თავის მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა იმ ტრაქტორის მძღოლმა, რომლითაც შენობა უნდა დაენგრიათ და ადგილზე სხვა მძღოლი გამოიძახეს, რომელსაც ტექნიკა შუა დემონტაჟის დროს გაუფუჭდა და მერია იძულებული გახდა, ახალი ტექნიკა მოეყვანა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ახალი ტრაქტორი, რომლითაც კაფეს ანგრევდნენ, მერიის ბალანზე რეგისტრირებული არ იყო და  ნომერიც მოხსნილი ჰქონდა. ამის გამო ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს, მაგრამ მძღოლი ტრაქტორიანად გაიქცა და დემონტაჟის პროცესი დროებით შეჩერდა. საბოლოოდ, მერიამ გაფუჭებული ტრაქტორი შეაკეთა და კაფე მაინც დაანგრია. 

ქუთაისის მერიასა და ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის ობიექტის დემონტაჟის საკითხზე სასამართლო დავები 13 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. მერია კაფის დანგრევას და მეპატრონეებისგან 200 ათას ლარამდე საიჯარო დავალიანების გადახდას ითხოვდა. 16 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ კვების ობიექტის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება მეპატრონეებისგან საიჯარო თანხის გადახდას, ამ ნაწილში მერიის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მანამდე კი, 5 წლით ადრე, ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის დავა იმ მიწის საკითხზე მიმდინარეობდა, რომელზეც სავანე იდგა. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათ ეკუთვნოდათ. მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზე მდებარეობდა და კერძო საკუთრება ვერ იქნებოდა. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს 2018 წლიდან აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 მაისამდე, ქუთაისსა და იმერეთის
რეგიონში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
10:14 / 29.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 მაისამდე, ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.