ახალი ამბები
"ოქროს ჩარდახში" სამუშაოები განახლდა - ახალ კომპანიასთან ხელშეკრულება დადებულია
FaceBook
ქუთაისის მერიამ „ოქროს ჩარდახის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ ახლადშერჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა.
სამუშაოებს შპს „მანე ლუქსი" 1 752 909 ლარის სანაცვლოდ შეასრულებს. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანხმად, კომპანიამ სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2024 წლის 10 მაისის ჩათვლით უნდა განახორციელოს.

კომპანიის დირექტორის დიმიტრი ჩხაიძის განმარტებით, ამ ეტაპზე, ობიექტზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. მას შემდეგ, კი რაც მასალა გამზადდება და პროექტი შეთანხმდება, ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყება.

„საბოლოოდ რაღაც კონსესუსამდე მივლენ საინიციატივო ჯგუფიც, მერიაც და დამპროექტებლებიც. ამისკენ დიდი ნაბიჯებია გადადგმული, რომ გათვალისწინებული იქნება ყველას აზრი. ახლა, ტერიტორიაზე გასუფთავების, წვრილმანი სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, ხის მასალა, რაც უნდა გამოვიყენოთ, გამზადების პროცესშია. ამას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება და ამის შემდეგ დაიწყება მასშტაბური სამუშაოები“, - განმარტავს დიმიტრი ჩხაიძე.



კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ რესტავრაცია ძირითად არსებული პროექტით შესრულდება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ცვლილება სამუშაოების მომენტშიც განხორციელდეს.

მისივე თქმით, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია. კერძოდ, ეს ეხება პირველი სართულის შემინვისა და გადახურვის საკითხებს.

„პირველი სართული არ იმინება. რაც შეეხება გადახურვას, კრამიტით გადახურვაა, ამას ზემოდან კონსოლი აქვს შემოშენებული, ვფიქრობთ, ეს ზედა კონსოლიც მოვხსნათ. ჩვენ ჩვენი შემოთავაზებები გვაქვს და გავუზიარებთ. კვალიფიციური კადრებით და საკმაოდ კარგად გაკეთდება. გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მუშაობის გამოცდილება. ამიტომ, არ არის საშიშროება, რომ რაღაცას დავაზიანებთ, პირიქით, დაინტერესებული ვართ, რომ ეს ძეგლი შეუნარჩუნდეს ამ ქალაქს პირვანდელი სახით. პირობას გაძლევთ, ეს ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ძეგლი დარჩება ქუთაისში“,- განმარტავს დიმიტრი ჩხაიძე.

იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი [NAT220027710] 2022 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მერიას "ოქროს ჩარდახის" სარემონტო სამუშაოებისთვის 1 055 770 ლარი ჰქონდა განსაზღვრული. ტენდერში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდეტმა "ივერთმშენმა" ობიექტის კეთილმოწყობა, უფრო ნაკლებ ფასად, 955 555 ლარად შესთავაზა. სწორედ, ამ თანხაზე გაფორმდა მხარეებს შორის ხელშეკრულება.

სამუშაოების დაწყებიდან სამ თვეში კი მერიამ, კომპანიას, ვადებისა და აღებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის გამო, ჯერ ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი - დააჯარიმა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ადგილობრივმა თვითმმართველობამ "ივერთმშენს" 100 000 ლარი გადაუხადა. თავის მხრივ, შპს "ივერთმშენის" დირექტორმა ედიშერ ჯანჯულიამ ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივლა.

ჯანჯულია ამბობდა, რომ მერიიდან სრულყოფილი პროექტი (რომლის მიხედვითაც უნდა განეხორციელებინათ სამუშაოები) მიწოდებული არ ჰქონდათ და ადგილობრივი თვითმმართველობა მათთან ხელშეკრულების გასაწყვეტად საბაბს ეძებდა. შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებას, კომპანიის გაწირვად აფასებს. ეს კი, შესაძლოა, საზოგადოებაში არსებულ იმ პროტესტს უკავშირდებოდეს, რომელიც "ოქროს ჩარდახის" ირგვლივ დღემდე გრძელდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებას პროტესტი არა კომპანიის, არამედ იმ პროექტის მიმართ ჰქონდა, რომელიც მერიამ მოიწონა.

„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. მალევე, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ისინი სამუშაოების მანამ შეჩერებას ითხოვდნენ, სანამ ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდებოდა.

იმ შემთხვევაში, თუკი მერია ახალ კომპანიასაც არ გაუწყვეტს შეთანხმებას და დოკუმენტით განსაზღვრული გეგმის მიხედვით განხორციელდება "ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, მაშინ ისტორიული ძეგლის კეთილმოწყობა 1 852 910 ლარი დაჯდება. ეს თანხა კი, მერიის მიერ თავდაპირველად განსაზღვრულ თანხასთან შედარებით 897 355 ლარით ანუ თითქმის ერთ მილიონამდე ლარზე მეტია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში სათანადოდ არ ჰქონდათ შესწავლილ/დაპროექტებული ქალაქისთვის ერთ-ერთი სავიზიტო ობიექტი.

ამავე თემაზე:


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.