ახალი ამბები
საინიციატივო ჯგუფი "ოქროს ჩარდახი" მერიის მიერ გამოცხადებულ ახალ ტენდერს ეხმაურება
FaceBook
„ოქროს ჩარდახის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ქუთაისის მერიის მიერ ტენდერის თავიდან გამოცხადებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს.

საინიციატივო ჯგუფ “ოქროს ჩარდახის” წევრებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან კითხვები აქვს. კერძოდ, უნდა შეასრულოს თუ არა სამუშაოები სამშენებლო კომპანიამ არსებული, საკამათო პროექტის მიხედვით და გათვალისწინებულია თუ არა ის რისკები ახალ ტენდერში, რამაც გამოიწვია წინა კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა.

საინიციატივო ჯგუფის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"6 ივლისს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ „ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა. “ოქროს ჩარდახის” საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში პრობლემებს შეიცავდა უშუალოდ არქიტექტურული პროექტი. პროფესიულ წრეებსა და საზოგადოების დიდ ნაწილში საკამათო იყო პროექტის ის ნაწილები, რომელიც არღვევდა ძეგლის იერსახეს და არ ითვალისწინებდა რეაბილიტაციისთვის საუკეთესო მეთოდოლოგიას. როგორც სხვადასხვა განცხადებაში, ასევე 1 ივნისს ქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, საინიციატივო ჯგუფის მიერ აღინიშნა, არსებობს გარკვეული აცდენები არქიტექტურულ და კონსტრუქციულ პროექტში; არ არის მეცნიერულად დასაბუთებული, რამდენად მართებული იყო ძეგლის სახურავის ცვლილება, რომელ ისტორიულ წყაროებს, რეაბილიტაციის რომელ მეთოდს ან კონცეპტუალურ გააზრებას დაეყრდნო საპროექტო გუნდი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ისეთი საკამათო საკითხი, როგორიცაა, პარაპეტის დამატება, რომელიც მთლიანად ცვლის ძეგლის არსებულ იერსახეს, უნდა გადაიხედოს. კრიტიკისა და შეშფოთების საგანს წარმოადგენს ასევე ძეგლის ყველაზე ძველი ნაწილის, მე-17 საუკუნის თაღების შემინვა და სხვა საკითხები.

მაშინ როდესაც, გამოცხადდა ახალი ტენდერი, ჩნდება დამატებით კითხვები: უნდა შეასრულოს თუ არა სამუშაეობი სამშენებლო კომპანიამ არსებული, საკამათო პროექტის მიხედვით? გათვალისწინებულია თუ არა ის რისკები ახალ ტენდერში, რამაც გამოიწვია წინა კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა? უზრუნველყოფს თუ არა ქუთაისის მერია რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესში დარგის საუკეთესო სპეციალისტების ჩართვას?

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გამო, მნიშვნელოვანია, გაიმართოს მორიგი შეხვედრა ურთიერთთანამშრომლობის ატმოსფეროში. საინიციატივო ჯგუფი გამოხატავს მზაობას და ელის ასეთ სამუშაო შეხვედრას, სადაც მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ საინიციატოვო ჯგუფის წევრებს, რომელთა შორის არიან მაღალკვალიფიციური და ნდობით აღჭურვილი დარგის სპეციალისტები (ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტურის ისტორიკოსები და სხვა სპეციალისტები).

“ოქროს ჩარდახი” არამხოლოდ ქუთაისის ურბანული მეხსიერებისა და ისტორიის ნაწილია, არამედ, ის არის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აქედან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი
ადგილობრივმა თვითმმართველობამ წარმართოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობითა და მონაწილეობითი დემოკრატიის პრინციპზე დაყრდნობით",- აღნიშნულია განცხადებაში.

„ოქროს ჩარხადის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, მერიამ ტენდერი [NAT230013922], ამჯერად გაზრდილი ღირებულებით, მეორედ გამოაცხადა.

„ოქროს ჩარდახის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაახლოებით ერთი თვეა, შეჩერებულია. მერიამ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენს“ ვადებისა და აღებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის გამო, 9 ივნისს, ჯერ ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი - დააჯარიმა. საპასუხოდ, კომპანიის დირექტორმა ედიშერ ჯანჯულიამ სასამართლოში იჩივლა.


ამავე თემაზე:

"ოქროს ჩარდახის" რეაბილიტაციაზე ტენდერი თავიდან გამოცხადდა - მერიამ თანხა გაზარდა

ტენდერი თუ ერთ პირთან მოლაპარაკება - რას გეგმავს მერია "ოქროს ჩარდახის" რეაბილიტაციაზე

"ოქროს ჩარდახის" სამუშაოების შემსრულებელი კომპანია მერიას სასამართლოში უჩივის

მერიამ "ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა

"შეწყდეს ოქროს ჩარდახის რეკონსტუქცია" - კიდევ ერთი წერილი ქუთაისის მერიას

"შეჩერდეს ოქროს ჩარდახის სარეაბილიტაციო სამუშაოები" - ქუთაისში ხელმოწერებს აგროვებენ


Print