ახალი ამბები
"შეჩერდეს ოქროს ჩარდახის სარეაბილიტაციო სამუშაოები" - ქუთაისში ხელმოწერებს აგროვებენ
FaceBook
ქუთაისში, „ოქროს ჩარდახის“ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს.
მათი მოთხოვნაა სამუშაოები შეჩერდეს მანამ, სანამ არ დაზუსტდება ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და  რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები.

ამ მიზნით საინიციატივო ჯგუფმა „ოქროს ჩარდახმა“ მერიას წერილით უკვე მიმართა.

"მოგმართავთ ქ. ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლის, XVII საუკუნის მეფეთა რეზიდენციის არქიტექტურული ანსამბლიდან ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობის “ოქროს ჩარდახის” რესტავრაცია-რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით. ძეგლის განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის გამო, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ოქროს ჩარდახი მდებარეობს ქალაქის უძველეს ისტორიულ ნაწილში, მივიჩნევთ, რომ სარეაბილიტაციო პროცესს წინ უნდა უძღოდეს კომპლექსური კვლევები, ხოლო შერჩეული პროექტის განხილვა უნდა ხდებოდეს სპეციალისტთა და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობით.

ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტმა პროფესიულ წრეებსა და საზოგადოების დიდ ნაწილში ლეგიტიმური კითხვები გააჩინა. ერთ-ერთი პრობლემური საკითხია, რომ, პროექტში მოცემული კონსტრუქციული გადაწყვეტა არ ითვალისწინებს ნაგებობის ჩვენამდე ყველაზე ავთენტური ფორმით მოღწეული პირველი სართულის რიყის ქვით ნაგები კედლებისა და თაღოვანი კონსტრუქციების პირვანდელი სახით შენარჩუნებას. უფრო მეტიც, დაუშვებელია შენობის პირველი სართულის აღნიშნული თაღების შემინვა ლითონის (კერძოდ, ალუმინის) ფანჯრებით. ეროვნული კატეგორიის ძეგლზე ნებისმიერი ტიპის ჩარევა განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ფაქიზ მიდგომას მოითხოვს. ძეგლმა არ უნდა დაკარგოს ის ავთენტური სახე, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

სამწუხაროდ, წარმოდგენილ სარეაბილიტაციო პროექტში, ბევრი საკითხი ბუნდოვანია და ჩნდება კითხვის ნიშნები სარეაბილიტაციო პროექტის, როგორც არქიტექტურულ, ისე კონსტრუქციულ ნაწილზე. უფრო მეტიც, არის შეუსაბამობა და გარკვეული კონფლიქტი „ოქროს ჩარდახის“ რესტავრაცია - რეაბილიტაციასთან საკითხთან დაკავშირებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარ მოფიქრებული და განსაზღვრული უნდა იყოს შენობის სამომავლო ფუნქცია (ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევაში მხოლოდ სარეკომენდაციო ნაწილშია გაკვრით ნახსენები მუზეუმი). ნებისმიერ შენობას, მით უმეტეს ისტორიულს, სჭირდება ფუნქციასთან ადაპტაცია, საჭიროებებისამებრ დაგეგმვა და აღჭურვა. ფუნქციის მოგვიანებით განსაზღვრა აუცილებლად მოითხოვს მის არქიტექტურულ სახეში ხელმეორედ ჩარევას, რაც, სხვა თუ არაფერი, დამატებით თანხებთან იქნება დაკავშირებული.

ოპტიმალურად მიგვაჩნია, დროებით შეჩერდეს "ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო- სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მანამ, სანამ არ დაზუსტდება ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისთვის საჭირო ყველა დეტალი და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკა.

პროექტის განხორციელებაში ჩვენ ვხედავთ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პასუხისმგებლობას და საზოგადოებასთან თანამშრომლობის აუცილებლობას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ქალაქ ქუთაისის სამომავლო გენგეგმის კონცეფცია გულისხმობს ქუთაისის, როგორც კულტურული და ტურისტული მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბებას. ასევე, ევროკავშირის პროექტის EU4Culture კონკურსის ფარგლებში ქუთაისის მერია მუშაობს ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე. ამ მიზნების წარმატებით განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, ხოლო მემკვიდრეობის პოლიტიკა განხორციელდეს საზოგადოებრივი და პროფესიული წრეების ფართო ჩართულობით.

იმედს ვიტოვებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გამჭვირვალედ და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობით წარმართავს კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკას. გთხოვთ, უზრუნველყოთ დაგეგმილი რესტავრაცია - რეაბილიტაციის პროექტის განხილვა და სამუშაო შეხვედრის გამართვა პროექტში ჩართული სპეციალისტების, პროფესიული წრეების, საკითხით დაინტერესებულ საზოგადოების ფართო ჯგუფების მონაწილეობით. მაღალი საჯაროობა, მოქალაქეთა ჩართულობა გაზრდის პროცესების მიმართ სანდოობას. ასეთი შეხვედრა შესაძლებლობას მოგვცემს ერთად განვიხილოთ რეაბილიტაციის პროცესი, სარესტავრაციო მეთოდიკა, რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც გადაიხედება და დაკორექტირდება კონსტრუქციული გამაგრებისა და რესტავრაციის პროექტები",- აღნიშნულია წერილში.

საინიციატივო ჯგუფი „ოქროს ჩარდახი“, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მერიას სამუშაო შეხვედრის ჩანიშვნას ათი სამუშაო დღის ვადაში თხოვს. 

ვისაც გსურთ შეუერთდეთ მოთხოვნებს, ხელმოსაწერად და მიმართვის ტექსტის გასაცნობად, გადადით ლინკზე.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ოქროს ჩარდახის პროექტი შპს „მნ-პროექტმა“ მოამზადა, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი სამშენებლო კომპანია "ივერთმშენი" 955 555 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.


ამავე თემაზე:

ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების
შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის
მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე
შეიკრიბებიან.
12:15 / 04.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.