ახალი ამბები
მუზეუმის ყოფილი შენობის დანგრევის შემდეგ, საგამოფენო სივრცისთვის საჭირო კედლებს თავიდან აშენებენ
FaceBook
ქუთაისის მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობის სამუშაოები, რომელიც, თავდაპირველი ხელშეკრულებით, დასრულებული უნდა იყოს, ახლა იწყება. 

მას შემდეგ, რაც ახალი სივრცისთვის გამოსაყენებელი მუზეუმის ყოფილი შენობის დარჩენილი ერთადერთი კედელიც დაშალეს, ცენტრალურ მოედანზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 


მერიაში გვითხრეს, რომ რეკრეაციული სივრცისთვის სამ ახალ კედელს ააშენებენ, სადაც მუზეუმის შენობის დაშლილი ფასადების შემონახულ დეტალებსა და ორნამენტებს გამოიყენებენ.

არადა, თავდაპირველი პროექტის მიხედვით, საგამოფენო სივრცე მუზეუმის ყოფილი შენობის სამივე კედლის გამოყენებით უნდა აშენებულიყო და არა მისი ფრაგმენტების, ვინაიდან ობიექტის მთავარ არქიტექტურულ ღირებულებას სწორედ ეს ფასადები (დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის) წარმოადგენდა.

თუმცა, როგორც მაშინ მერიაში განმარტეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გაირკვა, რომ შენობა არ იძლეოდა სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლების შენარჩუნების საშუალებას, ამიტომ, ორივე კედელი დაშალეს. მესამე კედლის მდგრადობის შესწავლა კი, მხოლოდ მას შემდეგ "მოაფიქრდათ", რაც სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით არქიტექტორი გამოვიდა, შემდეგ კი კედლის მცირე ნაწილიც ჩამოიშალა

როგორი უნდა ყოფილიყო ქალაქის ცენტრში მულტიფუნქციური სივრცე ნახეთ აქ.

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები გასული წლის ზაფხულში დაიწყო. კომპანია "ართვინ ჯორჯია" ტერიტორიაზე ღია ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობას 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, რომლის მიხედვითაც შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და ახალ არქიტექტურასთან სინთეზი მოხდება.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2012 წლის 9 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის ბრძანებით, ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.

ამავე თემაზე:

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილი შენობის ერთადერთი კედელიც დაშალეს

მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე - სამუშაო ვადებსა და იერსახეში აბნეული პროექტი

მერია მუზეუმის შენობის ფასადის მდგრადობას სამუშაოების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ შეისწავლის

ქუთაისის მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა

"დროებით შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები"- არქიტექტორი ხელისუფლებას მიმართავს

ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო

რა ისტორია უკავშირდება მუზეუმის ყოფილ შენობას, სადაც ახალი სივრცე უნდა მოეწყოს

Print