ახალი ამბები
"ნაგავსაყრელი აშენდება თუ არა, არავინ არ იცის”- წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე
FaceBook
წყალტუბოს სოფელ მუხიანის მიმდებარედ რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი ეხმაურება.

მისი თქმით, ჯერ არავინ იცის, აშენდება თუ არა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონისთვის არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი.

ჭეიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართება და თუკი, პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დარწმუნდებიან, ნაგავსაყრელს მოაწყობენ.

"ნაგავსაყრელი აშენდება, თუ არ აშენდება, მაგი არავინ არ იცის. პირველ რიგში, ეს არის მთავარი, რომ მოსახლეობასთან უნდა მოხდეს კონსულტაციები ამ პროექტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. თუკი დავრწმუნდებით ჩვენც, მოსახლეობასთან ერთად, რომ ეს არის უსაფრთხო და არავითარ საფრთხის ნიშნებს არ შეიცავს და მოსახლეობაც დარწმუნდება ამაში,  ალბათ ,  აშენდება" , - განაცხადა ჭეიშვილმა.

წყალტუბოს საკრებულოს შენობასთან, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ, გუშინ, მათ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მოწყობა გააპროტესტა.

ადგილობრივების თქმით, ხელისუფლება მათ ნაგავსაყრელს საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში უშენებს, რასაც „თავს შესწირავენ“ და არ დაუშვებენ.

"ქუთაისის მყარი ნარჩენები ინტეგრირებული მართვის" პროექტის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხიანის მიმდებარედ, რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალ ობიექტზე ნაჟური წყლის გამწმენდი მაღალტექნოლოგიური “რევერსული ოსმოსის“ სისტემა, ასევე, სათბური აირების შეკრებისა და დამუშავების თანამედროვე სისტემები იქნება გამოყენებული. ობიექტზე ნარჩენების განთავსების უჯრედები საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურის მოწყობას და მათ სათანადოდ აღჭურვას.

"აღნიშნული სისტემა სრულიად ჩაანაცვლებს ძველ, არსებულ ნაგავსაყრელებს, რომლებიც ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება".

პროექტი ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIF) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის საქართველოსთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.


ამავე თემაზე:


"თავს შევწირავთ და არ ავაშენებინებთ" - წყალტუბოში რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობა გააპროტესტეს

"ომი უნდათ? - მიიღებენ" - წყალტუბოში რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ

წყალტუბოში, სოფელ მუხიანის მიმდებარედ, რეგიონალური ნაგავსაყრელი მოეწყობა




Print